„2028 წლისთვის „ნაცმოძრაობა“ საერთოდ აღარ უნდა არსებობდეს ბიულეტენებში — ამ პროცესს ისინი თავად აჩქარებენ, ციხიდან შლეგი სააკაშვილის თამადობით“, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, გია აბაშიძემ განაცხადა.
„ყოველგვარი სარკაზმისა და სატირის გარეშე, სრული სერიოზულობით ვამბობ: ამ ყველაფერზე სერიოზული კომენტარის გაკეთება უბრალოდ შეუძლებელია. როგორ შეიძლება სერიოზულად აღიქვა ის იაფფასიანი პოლიტიკური ვოდევილები, რომლებსაც ყოველდღიურად ვუყურებთ? არ აქვს მნიშვნელობა, იქ ნანული ჟორჟოლიანი იქნება, გიორგი ბარამიძე, თინა ბოკუჩავა, ანი წითლიძე თუ სხვები — ეს არ არის პოლიტიკა. ისინი აბსოლუტურ აბსურდს ლაპარაკობენ და კარგიცაა, რომ ამ თავიანთ პარტიულ ტელევიზიებში ხშირად გამოდიან. ხან ვითომ ღირებულებებზე გვესაუბრებიან, ხან სადღეგრძელოების თანმიმდევრობაზე მსჯელობენ, ხანაც ევროინტეგრაციაზე, რეალურად კი პოლიტიკის გაგებაში არ არიან.
კი ბატონო, დავუშვათ, ნანული ჟორჟოლიანი აირჩიეს პარტიის დე ფაქტო, სათამაშო თავმჯდომარედ. აქ ისმის კითხვა (რაც ერთდროულად სარკაზმიცაა და რეალობაც): რა ენაზე უნდა იკონტაქტოს მან ევროპის სახალხო პარტიის თუ ბრიუსელის მაღალი დონის შეხვედრებზე? თარჯიმნით? აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ მისი ინგლისური ენა საშუალოზე დაბალია და თარჯიმნის გარეშე ელემენტარული პოლიტიკური წინადადების აწყობაც კი გამორიცხულია.
ძალიან კარგი, ასე გააგრძელონ. დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და მანამდე მმართველი გუნდის სხვა წევრებმაც არაერთხელ აღნიშნეს, რომ მსგავსი არასერიოზული ქმედებებით ისინი თავადვე აჩქარებენ საკუთარი თავის დესტრუქტურიზაციასა და დაშლას. 2028 წლისთვის „ნაციონალური მოძრაობა“ საერთოდ აღარ უნდა არსებობდეს არც საარჩევნო ბიულეტენებში და არც საჯარო სივრცეში. ამ პროცესს ისინი თავად აჩქარებენ, ციხიდან შლეგი სააკაშვილის თამადობით“, – განაცხადა გია აბაშიძემ.


