„ევროპარლამენტი და საპარლამენტო ასამბლეა უნისონში მოქმედებენ, რადგან ერთი პატრონი ჰყავთ — შესაბამისად, ამ რეზოლუციაშიც სიახლეს არაფერს ველით, ეს იქნება ევროპარლამენტის დოკუმენტის გადამღერება, თუ არა ერთიერთში გადმოწერა“, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მომზადებულ მორიგ რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.
„ევრობიუროკრატია და მასთან დაკავშირებული სხვა უწყებები თამაშის წესებს არ ცვლიან, რადგან თავად ეს ბიუროკრატიაც იმ გლობალური ძალების მიერ იმართება, რომლებზეც ბევრი გვისაუბრია. ამ თემებზე არა მხოლოდ ჩვენ — თავად ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციაც ხშირად საუბრობს ხოლმე. ასე რომ, ეს არ არის ჩვენი გამოგონილი ნარატივი, ეს არის რეალური ძალები, რომლებიც ამ პროცესებს მართავენ.
მოგეხსენებათ, ჩვენ შევაჩერეთ ქართული დელეგაციის მოღვაწეობა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, რადგან იქ მუშაობა ყოველგვარ აზრს იყო მოკლებული. იქ, სადაც არგუმენტების არათუ განხილვა, არამედ მოსმენაც კი არ სურთ, რა თქმა უნდა, ყოველივე აზრს კარგავს. წინა დოკუმენტებსაც რომ გადავხედოთ, თავიანთ რეზოლუციებში მუდმივად ცრუ ნარატივებს აქსოვენ — ზუსტად ისე, როგორც ევროპარლამენტი, რადგან, როგორც წესი, ისინი უნისონში მოქმედებენ, ერთი პატრონი ჰყავთ და, შესაბამისად, დასკვნებიც მცდარი გამოაქვთ. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე არ არსებობს არანაირი მექანიზმი, რომ მათ საკუთარ გადაწყვეტილებებს გადახედონ და სხვაგვარი ნაბიჯები გადადგან.
თავად ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი იყო ჩამოსული საქართველოში და რეალობასთან ახლოს მდგომი განცხადებებიც გააკეთა, რასაც ჩვენ მივესალმეთ. მან აღნიშნა, რომ ეს პროცესი ორმხრივი უნდა იყოს და ხაზი გაუსვა, რომ პოლიტიკური ცვლილებების საბაბით ძალადობას გასაქანი არ უნდა მიეცეს. თუმცა, ვინაიდან ეს საპარლამენტო ასამბლეა წევრი ქვეყნების საპარლამენტო ნაწილით არის დაკომპლექტებული, მასში აღნიშნული ძალები ბატონობენ და, რა თქმა უნდა, იმავე პროპორციით იმავე პოლიტიკას ატარებენ.
შესაბამისად, სიახლეს არაფერს ველით. სანამ გლობალურ დონეზე არ მოხდება თამაშის წესების შეცვლა, მათზე დაქვემდებარებული ორგანიზაციები პოზიციას არ შეცვლიან — ამის არც უფლებამოსილება, არც ძალა და არც სურვილი არ გააჩნიათ. ასე რომ, საინტერესო არაფერი იქნება, ალბათ, კვლავ ვიხილავთ ევროპარლამენტის რეზოლუციის გადამღერებას, თუ არა ერთიერთში გადმოწერას“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.


