„სამწუხაროდ, სუვერენიტეტი დაკარგა ისეთმა ტრადიციულმა და სერიოზულმა სახელმწიფო წარმონაქმნმაც კი, როგორიც დიდი ბრიტანეთია — ის, რაც ამ ხალხში მუდამ მიმზიდველი იყო, დღეს მოშლის პირასაა“, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის გადადგომასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
„სამწუხაროდ, სუვერენიტეტი დაკარგა ისეთმა ტრადიციულმა და სერიოზულმა სახელმწიფო წარმონაქმნმაც კი, როგორიც დიდი ბრიტანეთია. ქვეყანა, რომელიც ადრე სხვას არათუ მისი სუვერენიტეტის შელახვის უფლებას აძლევდა, არამედ თავადვე იყო სუვერენიტეტის მთავარი შემლახველი იმ იმპერიაში, სადაც „მზე არასდროს ჩადიოდა“.
დღეს ბრიტანეთში აბსოლუტურად ისეთ გადაწყვეტილებებს იღებენ, რომლებიც საერთოდ არ გამომდინარეობს მათი სახელმწიფო ინტერესებიდან. ხანდახან მიკვირს კიდეც, როგორ შეიძლება საკუთარი ქვეყანა მიიყვანო იმ უკიდურესობამდე, რომ გლობალური ძალებისთვის ანგარიშის გაწევის გამო, იგი დაღუპვის პირას დააყენო.
მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით, როგორც იცით, დონალდ ტრამპმა საკმაოდ რადიკალურად მიმართა ბრიტანელებს — მოუწოდა, გადაეხედათ საკუთარი ქალაქებისა და მათი ხელმძღვანელობისთვის, თუ საით მიდიან და რას აპირებენ. მან ძალიან კარგად დაინახა, რომ საფრთხის ქვეშ დადგა თავად ის სულისკვეთება, რომლითაც შეიქმნა ზოგადად ბრიტანული კულტურა. ეს არის შექსპირის ქვეყანა, რომელმაც კაცობრიობას მისცა ფეხბურთი, პოეზია, პროზა, თეატრი, აღარაფერს ვამბობ თანამედროვე მუსიკაზე. სწორედ ეს კულტურა დადგა კრახის წინაშე. უკანონო და უკონტროლო მიგრაციამ ვითარება იქამდე მიიყვანა, რომ ბრიტანული იდენტობა ქრება და იშლება. ის, რაც ამ ხალხში მუდამ მიმზიდველი იყო, დღეს მოშლის პირასაა.
რეალურად რა ხდება ახლა? ბოლო პერიოდში თითოეული პრემიერ-მინისტრი ქვეყანაში წელიწადნახევარსაც კი ვერ ძლებს, რადგან მათთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რა არის მთავარი ამოცანა. ისინი ვერც საკუთარ ამომრჩეველს ეუბნებიან წესიერად, რა არის მათი ეროვნული მიზანი და ამის გამო სიტუაციას ვერც საკუთარ პარტიებში ალაგებენ, რადგან ერთიანი სულისკვეთება არ არსებობს.
ეს რომ მხოლოდ ჩვენი სუბიექტური დაკვირვება იყოს, ვინმეს შეიძლება გაუჩნდეს განცდა, თითქოს პოლიტიკური ინტერესის გამო ვაფასებთ ასე, თუმცა ამ პრობლემებზე თავად ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციაშიც საუბრობენ და სხვაგანაც ხედავენ, რომ ქვეყანა კატასტროფისკენ მიექანება და ძალიან ცუდი შედეგები დადგება. კირ სტარმერიც ამის დასტურია. მოვიდა ხელისუფლებაში და საერთოდ არ იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა — ვერც შიდა ეკონომიკურ პრობლემებზე გადადგა დადებითი ნაბიჯები, ვერც რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში გაერკვია, საით უნდა გადახრილიყო, ვერც ირანთან მიმართებით ჩამოაყალიბა მკაფიო პოზიცია და ამ ყველაფერმა მიიყვანა საბოლოოდ ამ სიტუაციამდე“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.


