თენგიზ შარმანაშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: „რუკა აქვთ და გლობუსიც იყიდეს, როგორც ჩანს, მაგრამ ამ განცხადებას მოდით, ასე პირდაპირაც ნუ გავიგებთ, რადგან მათ თავებში რა ტრიალებს, ძალიან რთული წარმოსადგენია“

27

„რუკა აქვთ და გლობუსიც იყიდეს, როგორც ჩანს, მაგრამ ამ განცხადებას მოდით, ასე პირდაპირაც ნუ გავიგებთ, რადგან მათ თავებში რა ტრიალებს, ძალიან რთული წარმოსადგენია“, – ასე ეხმიანება პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ ირანში ომის დაწყების შემდეგ, თითქმის ყველა თვითმფრინავი სამხრეთ კავკასიის გავლით დაფრინავს და სწორედ შუა დერეფნის მეშვეობით ევროკავშირს შეუძლია, საკუთარი ვაჭრობა, ენერგია და ციფრული კავშირგაბმულობა უსაფრთხო გახადოს.

„რუკა აქვთ და გლობუსიც იყიდეს, როგორც ჩანს, მაგრამ ამ განცხადებას მოდით, ასე პირდაპირ ნუ გავიგებთ, რადგან მათ თავებში რა ტრიალებს, ძალიან რთული წარმოსადგენია.

ესენი საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოს გარეშე ეს სატრანზიტო გზა ვერ იფუნქციონირებს, ჩვენ დავზარალდებით და, ამიტომ, მოდით, პრაგმატული ურთიერთობა დავამყაროთ საქართველოსთანო — ეს ერთი გზაა. მაგრამ არსებობს მეორეც: აი, ხომ ხედავთ, რა სერიოზული მარშრუტია და მოდით, ახლა ყველა ძალა გამოვიყენოთ, ხელისუფლება შევცვალოთ და ჩვენი აგენტურა მოვიყვანოთო. აი, ამ მეორე თემაზე, რა თქმა უნდა, საჯაროდ არ ლაპარაკობენ. ისინი უბრალოდ აღიარებენ, რომ ეს არის ძალიან აქტუალური და სტრატეგიული დერეფანი.

ჯერჯერობით რასაც ვუყურებთ, ჩვენდა სამწუხაროდ, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქართველი ხალხის ფაქტორი საერთოდ გამორიცხონ საქართველოს განვითარებიდან. ანუ, საქართველოში მხოლოდ იმ გლობალური ძალების ნება უნდა ტრიალებდეს, რომლებსაც მოსწონთ, რომ ეს გზა ფუნქციონირებს და ის ძალზე პერსპექტიულია ენერგეტიკული დერეფნისთვის, ლოჯისტიკისთვის, თუნდაც მგზავრთა გადაადგილებისთვის და ასე შემდეგ.

ამიტომ, ეს პროცესი ძალიან დაუგეგმავი, იმპულსური ნაბიჯებით ვითარდება. კი, ერთის მხრივ აღიარებენ, რომ საქართველოს გარეშე არაფერი გამოვა, მაგრამ იმ ნაბიჯამდე, რომ მივიდნენ, ამ ხალხს დაელაპარაკონ, ინტერესები დააბალანსონ, რადგან ხვდებიან, რომ რევოლუციას ვერ აწყობენ — აი, ამ დასკვნამდე და მოქმედებამდე ვერ მიდიან. არ სურთ ამის ღიად თქმა და გაკეთება.

ეს ხომ ის მარტა კოსია, რომელმაც თქვა, რომ ჩვენ მიერ მიღებული კანონების გამო საქმე გაურთულდათ და მოდით, ახლა სხვა გზა მოვძებნოთ, რათა „შავი ფული“ შევიტანოთ საქართველოშიო. ამიტომ, თუ მარტა კოსი იტყვის, რომ ეს აქტუალური გზაა, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ისინი მზად არიან პრაგმატული ნაბიჯების გადმოსადგმელად“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.