„თავად ამერიკელი პოლიტიკოსები და ექსპერტებიც აკრიტიკებენ ამ დოკუმენტს და ამბობენ, რომ ეს უბრალოდ ირანული მხარის მოთხოვნებია, რომლებსაც ვაშინგტონი უსიტყვოდ დათანხმდა“, – ამის შესახებ პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, თამარ კიკნაძემ ამერიკა-ირანის სამშვიდობო შეთანხმებაზე საუბრისას განაცხადა.
„სხვათა შორის, თავად ამერიკელი პოლიტიკოსები და ექსპერტებიც მწვავედ აკრიტიკებენ ამ დოკუმენტს და ამბობენ, რომ ეს უბრალოდ ირანული მხარის მოთხოვნებია, რომლებსაც ვაშინგტონი უსიტყვოდ დათანხმდა.
საერთაშორისო სამართალში არსებობს ასეთი წესი: ბუნებრივად შექმნილი სრუტეები და ყურეები არ უნდა დაიბეგროს. გადასახადები შეიძლება დაწესდეს მხოლოდ ხელოვნურად აშენებულ არხებზე, მაგალითად, პანამისა თუ სუეცის არხებზე. მანამდე გემების გატარება ყოველგვარი გადასახადის გარეშე ხდებოდა, თუმცა ომის შემდეგ, გარკვეული საფასურის სანაცვლოდ ხდება გემების გატარება. შეიქმნა ძალიან რთული მექანიზმი, რომელიც განაცხადის შევსებასა და მოსაკრებლის გადახდას გულისხმობს. როგორც ამბობენ, ძირითადი კამათი ახლა იმაზე მიდის, თუ როგორ განაწილდება გემების გატარებიდან მიღებული მოგება. გლობალური თვალსაზრისით რომ შევხედოთ ვითარებას, ვინ არის მოგებული? რიტორიკა ორივე მხარეს, ბუნებრივია, საკუთარ სასარგებლოდ აქვს აგებული.
თუმცა, რა გარანტიები არსებობს იმისთვის, რომ ეს ხელშეკრულება რეალურად განხორციელდეს? აღსანიშნავია, რომ შეთანხმების დადებაში მხოლოდ ორი მხარე მონაწილეობდა — ამერიკის შეერთებული შტატები და ირანი. სად არის ისრაელი, რომელმაც ფაქტობრივად დაიწყო ეს ომი? თუ თვალს მივადევნებთ ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებებს, ის პირდაპირ ამბობს, რომ მას არ აწყობს მშვიდობა, რადგან დასახული მიზანი მიღწეული არ არის. შესაბამისად, მისი პოზიცია უკიდურესად მყიფეს ხდის ამ ხელშეკრულებას, რასაც ირანული მხარეც აღნიშნავს.
ამერიკის შეერთებულ შტატებს ეს ომი აღარ აწყობს, რადგან საომარი მოქმედებები მისთვის ფინანსურად და პოლიტიკურად წამგებიანია. ირანი კი იმპერიული გამოცდილების ქვეყანაა — ირანელებმა სტრატეგიულადაც და ტაქტიკურადაც ძალიან კარგად ააგეს ომის მთელი კამპანია. მათ ძალიან იაფი დანადგარებითა და დრონებით შეძლეს ამერიკული ძვირადღირებული რაკეტების განადგურება.
ამ ხელშეკრულებით ირანი ყველაზე მომგებიან პოზიციაში აღმოჩნდა: ჯერ ერთი, ის იღებს უზარმაზარ ფინანსურ რესურსს, რომელიც ქვეყნის აღდგენისთვისაა განკუთვნილი, მას ასევე აეხსნა ემბარგო ნავთობის გაყიდვაზე და, რაც მთავარია, წვდომა დაუბრუნდა იმ ანგარიშებზე, რომლებიც რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში იყო გაყინული.
შესაბამისად, ეს ომი ძალიან ძვირად დაუჯდა ამერიკის შეერთებულ შტატებს. დონალდ ტრამპი ახლა საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია. ერთი მხრივ, მასზე ზეწოლას ახორციელებს ისრაელის ძლიერი ლობი, რომელმაც უზარმაზარი ფინანსური რესურსი გაიღო მისი საარჩევნო კამპანიის გამარჯვებისთვის, მეორე მხრივ კი — მას კარგად ესმის, რომ აშშ-ისთვის ამ ომის გაგრძელება აბსოლუტურად წამგებიანია“, – განაცხადა თამარ კიკნაძემ.


