„ტრამპს აქვს მნიშვნელოვანი ამოცანა — დაარღვიოს და შეცვალოს მსოფლიოში არსებული წესრიგი, და უნდა ითქვას, რომ ეს მას ძალიან კარგად გამოსდის“, – ამის შესახებ პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, თამარ კიკნაძემ განაცხადა.
„მე ყოველთვის აღვნიშნავ, რომ დონალდ ტრამპი საკუთარ განცხადებებში საკმაოდ არათანმიმდევრულია — დღეს ერთს ამბობს, ხვალ მეორეს, ზეგ კი მესამეს. თუმცა, ეს მისი პოლიტიკური მოღვაწეობის მხოლოდ ზედაპირული შეფასებაა, რადგან თუ ბირჟებზე მიმდინარე თამაშს დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ამ კოლოსალური დისონანსის მიუხედავად, საფონდო ინდექსების ცვლილება და საფინანსო ბაზრებზე არსებული სიტუაცია საბოლოოდ მაინც ტრამპისა და ამერიკის შეერთებული შტატების სასარგებლოდ მუშაობს.
გარდა ამისა, ტრამპს აქვს ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა — დაარღვიოს და შეცვალოს მსოფლიოში არსებული წესრიგი, და უნდა ითქვას, რომ ეს მას ძალიან კარგად გამოსდის. მან თავისი პრეზიდენტობის დროს იმდენი საერთაშორისო წესი და შეთანხმება დაარღვია, რომ რთული სათქმელია, სხვა ვის შეეძლო არსებული გლობალური არქიტექტურის ასე ტრანსფორმირება. ჩვენ ამ პროცესს ყოველდღიურად ვადევნებთ თვალს.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეს პროცესი, შესაძლოა, 2026 წლამდეც გაგრძელდეს, თუმცა წლის ბოლომდე გლობალური კონფლიქტების დასრულებაზე საუბარი მაინც მეტისმეტად ოპტიმისტური პროგნოზია. ფაქტია, რომ მიმდინარე დაპირისპირებები ასე სწრაფად ვერ ამოიწურება. აქვეა უკრაინის ომიც, სადაც ვითარება საკმაოდ საინტერესოა: ერთი მხრივ, აქტიურად მიდის მსჯელობა საომარი მოქმედებების შეჩერებაზე, თუმცა, მეორე მხრივ, ვხედავთ ვოლოდიმირ ზელენსკის სრულიად საპირისპირო რიტორიკას, რომელსაც კონფლიქტის დასრულების საკუთარი, განსხვავებული პირობები გააჩნია“, – განაცხადა თამარ კიკნაძემ.


