„ამ რეზოლუციაში ახალი არაფერია — ეს არის მიხეილ სააკაშვილის უცხოელი მეგობრების ყალბი პათეტიკითა და ტყუილებით გაჯერებული ჩვეულებრივი პოლიტიკური ხმაური, რომელსაც სხვაგვარ მნიშვნელობას უბრალოდ ვერ შევძენთ“, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ევროსაბჭოს რეზოლუციასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
„პრინციპში, მიუხედავად იმისა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა თავისი არსით არ წარმოადგენს ევროკავშირის ინსტიტუტს, აქ პოლიტიკური ჯგუფები აბსოლუტურად იგივეა: „სახალხო პარტია“, რომლის წევრიც „ნაციონალური მოძრაობაა“, „სოციალისტები“, ლიბერალები და ასე შემდეგ.
ის, რაც ჩვენ ვიხილეთ, არის ზუსტად ის ტენდენცია, რასაც ბოლო წლებია ვადევნებთ თვალს. ჩვენს პოლიტიკურ რადიკალებს საკუთარ მოსახლეობასთან პირი იმდენად აქვთ შერცხვენილი, რომ ამომრჩეველში კითხვების გაჩენის ერთადერთ გზად ისევ გარედან, მსგავსი რეზოლუციებით ხალხის მოტყუება ესახებათ. სწორედ ამის მოწმენი ვართ: ვხედავთ ევროპარლამენტის რეზოლუციებიდან გადმოქსეროქსებულ ტექსტებსა და ყალბ პათეტიკას კანონებთან თუ დემონსტრაციებთან დაკავშირებით. თურმე, ეს „მშვიდობიანი“ დემონსტრანტები პოლიტიკური პატიმრები ყოფილან. თან ვისზეა საუბარი? ისეთ ოდიოზურ ფიგურებზე, როგორებიც მიხეილ სააკაშვილი და ელენე ხოშტარია არიან — რა წარსულისა და როგორი მძიმე დანაშაულების ჩამდენ ხალხზე. რა ავადმყოფობაზე ან უფლებების დარღვევაზეა საუბარი, როდესაც ქვეყანაში ნებისმიერი პატიმრის უფლება, მისი ვინაობის მიუხედავად, აბსოლუტურად დაცულია?! ეს არის მცდელობა, ეს ადამიანები როგორმე განარიდონ ქართულ მართლმსაჯულებას.
რომ დავუკვირდეთ, რითი და რაზე გვევაჭრებიან? გვევაჭრებიან იმით, რომ თურმე კონკრეტული პირები კანონის უზენაესობასა და მართლმსაჯულებას უნდა განარიდო, თურმე შესაძლებელია პარლამენტს თავს დაესხა, პოლიციელები დაწვა და ეს დემოკრატია ყოფილა. ფაქტობრივად, ისინი დემოკრატიით გვევაჭრებიან. ორგანიზაციები, რომლებიც ისტორიულად სწორედ დემოკრატიის, არჩევნებისა და კონსტიტუციური ჩარჩოს დასაცავად შეიქმნა, თავადვე იქცნენ დემოკრატიით მოვაჭრეებად.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო დელეგაციაში ზუსტად ის ადამიანები არიან, რომლებიც საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე იყვნენ ჩამოსულები და ყველაფერს აკეთებდნენ, რათა არ ეღიარებინათ არჩევნების შედეგები და ქართველი ხალხის ნება. აქედან გამომდინარე, სულ რაღაც რამდენიმე თვით უკან თუ გადავიხედავთ და ამ პირების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს დავაკვირდებით, საზოგადოებისთვის ყველაფერი ნათელი გახდება. ნათელია, რომ ესენი ვაჭრობენ დემოკრატიით, ხოლო ერთადერთი, რაც მათ რეალურად აღელვებთ, მიხეილ სააკაშვილის, ელენე ხოშტარიასა და მსგავსი დამნაშავეების ქართული მართლმსაჯულებიდან დახსნაა.
ნებისმიერი ღირსების მქონე საზოგადოებისა თუ ხელისუფლებისთვის, იქ უნდა დაისვას წერტილი, სადაც საერთაშორისო ორგანიზაცია გეუბნება, რომ თურმე შენი არჩევნები არჩევნები არ არის და მილიონზე მეტი ამომრჩევლის ხმა ფუჭია და არაფერს ნიშნავს. ამის იქით, სულ რომ აბსოლუტური სიმართლე წერონ, არცერთი ღირსეული სახელმწიფოსთვის მსგავსი დოკუმენტი და ზოგადად, ასეთი პროცესი მისაღები ვერასდროს იქნება“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.


