„ეს იყო სახიფათო სახელმწიფოებრივი დანაშაული, რომელსაც პირდაპირ ეთერში ვუყურებდით და ამ ადამიანების „პოლიტპატიმრებად“ გამოცხადება უბრალოდ მარაზმია“, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა 4 ოქტომბრის საქმეზე საუბრისას განაცხადა.
„4 ოქტომბრის საქმე ნამდვილად გადამწყვეტი იყო ბევრი გაგებით და მან უამრავი რამ აჩვენა. მათ შორის, გამოავლინა ის ორმაგი სტანდარტი, რომელიც ბრიუსელში ზოგიერთებს გააჩნიათ, და ამ გადმოსახედიდან ჩვენ უკვე ძალიან მკაფიო, არაორაზროვანი დასკვნების გამოტანა შეგვიძლია.
ევროსაბჭოს ასამბლეის რეზოლუციაში ამ ადამიანების „პოლიტპატიმრებად“ მოხსენიება კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს, თუ რა შინაარსისა და ფასის მქონეა ეს დოკუმენტი. საუბარია პირებზე, რომლებიც წინა ხაზზე იყვნენ მთელი ამ ძალადობის, შტურმისა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის დროს. თანაც, ეს ხომ არ მომხდარა სპონტანურად?! ეს ყველაფერი თვეების განმავლობაში, წინასწარ იგეგმებოდა: აორგანიზებდნენ, ხალხს მოუწოდებდნენ და ამავდროულად, საერთაშორისო საზოგადოების მობილიზებას ცდილობდნენ. გარდა ამისა, მათ გათვლა ჰქონდათ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეზე, რათა ჩაეშალათ შედეგები. ასე რომ, ეს ყოველმხრივ იყო სახიფათო სახელმწიფოებრივი და ჯგუფური დანაშაული, რომელსაც პირდაპირ ეთერში, საკუთარი თვალებით ვუყურებდით. თითოეული ჩვენგანი, მეც და ჩემი კოლეგებიც, საჯაროდ მოვუწოდებდით ამ ადამიანებს, არ გადაედგათ მსგავსი ნაბიჯები.
დღეს ამ პირების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა. სხვათა შორის, ზოგიერთ მათგანზე სახელმწიფომ საკმაოდ ლმობიერი გადაწყვეტილება მიიღო და მხოლოდ ფულადი ჯარიმებით შემოიფარგლა, სხვებზე კი პატიმრობა დაწესდა. და ამ ადამიანებს უწოდებენ პოლიტიკურ პატიმრებს?! ალბათ, ყველანი ვხვდებით, რა მარაზმთან გვაქვს საქმე.
თუმცა, მე ნაკლებად მაქვს კითხვები იმ ადამიანებთან, ვინც შეცდომაში შეიყვანეს, ან იცოდა და სხვადასხვა მიზეზის გამო მაინც წავიდა ამ დანაშაულზე. ჩემი მთავარი კითხვები იმ პირების მიმართაა, რომლებიც მათ ამ ნაბიჯისკენ უბიძგებდნენ, ვინც ამ ყველაფერს აორგანიზებდა, აფინანსებდა ან პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებდა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. ამ ხალხს და მათ ოჯახებს მინდა მივმართო — სად არიან ახლა, როცა ეს ადამიანები უბრალოდ გაწირეს? გასაგებია, რომ ყველანი ზრდასრულები არიან და საკუთარ ქმედებებზე პასუხს თავად აგებენ, მაგრამ ამის მიღმა, სად არის ის ხალხი, ვინც მათ დანაშაულისკენ უბიძგებდა?
აი, ეს არის პასუხი — ისინი უბრალოდ გაწირეს: კანონთან დაპირისპირებისა და ციხისთვის გაწირეს, თავად კი, როგორც აქამდე ბევრჯერ გაუკეთებიათ, გაიპარნენ — ზოგი სახლში, ზოგი მალდივებზე, ზოგიც ესპანეთში დასასვენებლად. ეს არის სამაგალითო საქმე იმისა, თუ როგორ აიძულებენ და უბიძგებენ ადამიანებს დანაშაულისკენ, შემდეგ კი ეს უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები მათ შიგნითაც და გარეთაც წირავენ.
მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს წინაშე ასეთი მძიმე დანაშაული იქნა ჩადენილი, ხელისუფლება მზად არის, მაქსიმალურად ლმობიერად და ჰუმანურად მოეპყროს ამ ადამიანებს, თუ, რა თქმა უნდა, ისინი აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს და მოინანიებენ. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ გადაწყვეტილებას ჰქონდეს პრევენციული ეფექტი და სხვასაც იგივე მოტივაცია არ გაუჩნდეს. აქედან გამომდინარე, 4 ოქტომბერი ბევრისთვის სამაგალითო გაკვეთილი უნდა იყოს“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.


