„თითოეული სახელმწიფო თავად წყვეტს საკუთარ ბედს, ვისთან წარმოუდგენია გაერთიანება თუ ვისგან გამოყოფა. ეს მათი გადასაწყვეტია და არა ჩვენი. საქართველოს მოსახლეობამ კი მკაფიო არჩევანი გააკეთა არა სუვერენიტეტის დათმობაზე, არამედ სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის დაცვით, ევროპული გზის ღირსეულად გაგრძელებაზე“ – ლევან მახაშვილი რუმინეთისა და მოლდოვას გაერთიანებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო წინადადებაზე

23

„თითოეული სახელმწიფო თავად წყვეტს საკუთარ ბედს, ვისთან წარმოუდგენია გაერთიანება თუ ვისგან გამოყოფა. ეს მათი გადასაწყვეტია და არა ჩვენი. საქართველოს მოსახლეობამ კი მკაფიო არჩევანი გააკეთა არა სუვერენიტეტის დათმობაზე, არამედ სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის დაცვით, ევროპული გზის ღირსეულად გაგრძელებაზე“, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა რუმინეთისა და მოლდოვას გაერთიანებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო წინადადებაზე საუბრისას განაცხადა.

„ნამდვილად ძალიან საინტერესო პროცესია. მე არ მინდა გავაკრიტიკო ან ტაში დავუკრა ამ გადაწყვეტილებას — ეს არ არის ჩვენი თემა. თითოეული სახელმწიფო თავად წყვეტს საკუთარ ბედს, მომავალს, ვისთან წარმოუდგენია გაერთიანება თუ ვისგან გამოყოფა. ეს მათი გადასაწყვეტია და არა ჩვენი. ეს პროცესი ამჯერად უკვე რუმინეთში დაიწყო, თორემ აქამდე ჩვენ მოლდოვის მაღალი თანამდებობის პირების განცხადებებიც გვესმოდა ქვეყნის სახელმწიფოებრიობის გაუქმებასთან დაკავშირებით.

ისტორიული გადმოსახედიდან გამომდინარე, შესაძლოა ეს პროცესი განსაკუთრებული სიურპრიზი არც იყოს. მთავარი ის არის, რომ პროცესი უკვე ფორმალურად და არა მხოლოდ განცხადებების დონეზე დაიწყო — ქვედა პალატამ გადაწყვეტილება მიიღო, ახლა კი სენატმაც უნდა დაამტკიცოს. თუ სენატიც მიიღებს, ამ ყველაფერს უკვე სერიოზული იურიდიული სახე მიეცემა.

საინტერესოა ისიც, რომ ეს ყველაფერი ე.წ. ჩუმი პროცედურით, ზედმეტი ხმაურის გარეშე მიმდინარეობს — ასე ვთქვათ, „შეაცურეს“ ეს გადაწყვეტილება. თუმცა, რა არის აქ მთავარი ჩვენს კონტექსტში, საქართველოს გადმოსახედიდან? თუ დავაკვირდებით, ევროინტეგრაციის პროცესში, სამწუხაროდ, ზოგიერთი ქვეყანა რატომღაც ომში ჩაითრიეს, ზოგმა კი საკუთარი სუვერენიტეტისა და სახელმწიფოებრიობის დათმობაზე დაიწყო ფიქრი. სწორედ ამიტომ, ეს პროცესები სერიოზულ დაფიქრებას საჭიროებს. საბედნიეროდ, საქართველოს მოსახლეობამ ძალიან მკაფიო გადაწყვეტილება მიიღო, მათ შორის, კიდევ ერთხელ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს. მოსახლეობის დიდმა უმრავლესობამ არჩევანი გააკეთა არა ომსა თუ სუვერენიტეტის დათმობაზე, არამედ ღირსეულად, სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის დაცვითა და განმტკიცებით ჩვენი ევროპული გზის გაგრძელებაზე“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.