„ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სამმართველოს ამოქმედების დღიდან სულ რაღაც ორ კვირაში, რადიკალურად შეიცვალა სიძულვილის გამოხატულება სოციალურ მედიაში“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
„აღმოჩნდა, რომ თურმე, ძალიან ადვილი ყოფილა ამ პრობლემის გადაწყვეტა. თურმე, როგორ გვახვევდნენ თავს გამოხატვის თავისუფლების სახელით, სინამდვილეში, დაპირისპირებისა და საზოგადოების გავლენის ქვეშ მოქცევის ინსტრუმენტს. სიძულვილი და სიძულვილის წახალისება, რომელიც დღეს პროევროპულობის სიმბოლოდ იქცა, სინამდვილეში, არის ერების დაქვემდებარების ინსტრუმენტი, ვინაიდან პრინციპი, რომელიც ჯერ კიდევ ძველ რომში მოქმედებდა, მოქმედებს დღესაც – „დაყავი და იბატონე“. ასე გვყოფდნენ იმისთვის, რომ ებატონათ ჩვენზე და გამოერეცხათ ტვინები ადამიანებისთვის, დაემორჩილებინათ მათი გენერალური ხაზისთვის, ვინაიდან სიძულვილის ენის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ადამიანების დათრგუნვა, ბულინგი, რათა მათ საკუთარი აზრი არ გამოეხატათ, მათ შორის, სოცმედიაში ამ ბულინგის შედეგად. აი, ეს მოგვიტანა პროევროპულმა მიდგომებმა ვითომ გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით.
თქვენ ნახეთ, რომ მაისში საია დამარცხდა სტრასბურგში სწორედ იმიტომ, რომ იცავდა სიძულვილის ენას. სტრასბურგმა ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ სიძულვილის ენა არ არის გამოხატვის თავისუფლების ნაწილი. წარმოიდგინეთ, საია ვისი ფულით აკეთებდა ამას. ბრიუსელის დაფინანსებით ცდილობდა საქართველოში ლანძღვის, გინების, სიძულვილის ენის დაცვასა და დამკვიდრებას.
თუ არ რცხვენიათ იმ ელჩებს, რომლებიც აფინანსებდნენ ამ ორგანიზაციას… ასეთი მხილება, რომ მათი ფულით იყო მცდელობა, არა მხოლოდ სიძულვილის ენის წახალისების, არამედ როდესაც ამაზე სახელმწიფოს ჰქონდა რეაქცია, ეს რეაქცია დაეთრგუნათ იმისთვის, რომ ჰქონოდა მეტი შესაძლებლობა სიძულვილის ენას… ამაში დახარჯეს ევროკავშირის მოქალაქეების ფული. გადასახადების გადამხდელების ფულს ხარჯავდნენ სიძულვილის ლეგალიზებასა და ნორმალიზებაში. ასე რომ, აქაც დადასტურდა, თუ ვის მხარეზე დგანან ხოლმე უცხოეთიდან დაფინანსებული „ენჯეოები“. კარგია, რომ სტრასბურგმა ამ საკითხს ძალიან მკაფიო პასუხი გასცა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.


