შალვა პაპუაშვილი პარლამენტში პრემიერის ხვალინდელი გამოსვლის შესახებ: “ეს იქნება მოხსენება, რომელიც აჩვენებს, თუ რას ნიშნავს გონივრული პოლიტიკა და რამდენად გაუმართლა საქართველოს, რომ ამ კრიზისულ პერიოდში ქვეყანას მართავს „ქართული ოცნება“ და არა ის აგენტურული ქსელები, რომლის მოყვანაც ასე ძალიან უნდა ზოგიერთს, სხვა ქვეყანაში”

20

“ეს იქნება მოხსენება, რომელიც აჩვენებს, თუ რას ნიშნავს გონივრული პოლიტიკა და რამდენად გაუმართლა საქართველოს, რომ ამ კრიზისულ პერიოდში ქვეყანას მართავს „ქართული ოცნება“ და არა ის აგენტურული ქსელები, რომლის მოყვანაც ასე ძალიან უნდა ზოგიერთს, სხვა ქვეყანაში”, – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში ხვალ დაგეგმილი პრემიერ-მინისტრის გამოსვლის შესახებ საუბრისას.

„ქვეყნები, რომლებიც პასუხისმგებელი იყვნენ საერთაშორისო წესრიგსა და უსაფრთხოებაზე, სათანადო პასუხისმგებლობის სიმაღლეზე არ აღმოჩნდნენ. თავის სიმაღლეზე რომ ყოფილიყვნენ და საკუთარი ხალხის ნების განმახორციელებელი რომ ყოფილიყვნენ ის ქვეყნები, რომელთაც ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენა აქვთ მსოფლიოში, არ იქნებოდა არც რუსეთ-უკრაინის ომი, არ იქნებოდა სხვა კრიზისები და მეტად უკეთესად იქნებოდა მსოფლიოს სხვადასხვა ერის ცხოვრება, მაგრამ სწორედ ამ გამოწვევების ფონზე, საქართველოს ხელისუფლებამ აჩვენა გამორჩეული მედეგობა და არა თუ კრიზისები შეიქმნა ჩვენთან, როგორც ეს მოხდა ევროკავშირში, ახლო აღმოსავლეთსა და ქვეყნებში, რომლებიც ამ ომების გარშემო ცხოვრობენ, პირიქით, საქართველომ შეძლო, აეჩქარებინა საკუთარი ეკონომიკური განვითარების ტემპები, უზრუნველეყო ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და, ფაქტობრივად, ცეცხლის რკალში ერთადერთი მშვიდობის კუნძული ყოფილიყო ამ რეგიონში.

ამიტომ, რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრს ექნება საუბარი ამ მიღწევებზე, ექნება საუბარი იმაზე, რომ დღეს ჩვენ, სწორედ ამგვარი გონივრული პოლიტიკის შედეგად, კრიზისებს კი არ ვებრძვით, როგორც ამას ევროკავშირის ქვეყნები აკეთებენ – ევროკავშირს, რუსეთს, ახლო აღმოსავლეთს, ყველას დღეს საფიქრალი აქვს, როგორ ამოვიდნენ იმ ეკონომიკური სტაგნაციიდან, სადაც იმყოფებიან.

საქართველო, პირიქით, ეკონომიკური ზრდის ტემპებით არის ლიდერი არა მხოლოდ რეგიონში, ევროპაში და კონტინენტზე – ერთი მხრივ და, მეორე მხრივ, ფიქრობს სამომავლო გეგმებსა და რეფორმებზე: განათლების სისტემის რეფორმაზე, სახელმწიფო მართვის სისტემის რეფორმაზე, სახელმწიფო მართვის სტრუქტურებში ახალი იდეების განხორციელებაზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.