„რა უნდა მოსთხოვო იმ ადამიანებს, რომლებმაც ისიც კი არ იციან, ირანი გეოგრაფიულად სად მდებარეობს?!“ – ამის შესახებ ისტორიკოსმა, ედიშერ გვენეტაძემ ევროსაბჭოს რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.
„დაწყებულია ისტორიული პროცესი, რომელიც ეფუძნება იმ დიალექტიკურ კატეგორიას, რომლის თანახმადაც — რასაც დასაწყისი აქვს, მას აუცილებლად აქვს დასასრულიც. აი, ასეთ ფაზაში შევიდა დღეს ევრობიუროკრატია, რომლის ეპოქაც აუცილებლად უნდა დასრულდეს და, სამწუხაროდ, სამარცხვინოდ სრულდება.
ისტორიული ექსკურსი რომ გავაკეთოთ, იალტის კონფერენციის დასასრულს, როცა ფაქტობრივად დედამიწის ხელახალი გადანაწილება ხდებოდა, ბანკეტზე სტალინს ასეთი რამ უთხრეს: „მიდიან ლეგენდები და ადგილი რჩებათ პიგმეებსო“. ზუსტად ანალოგიური სიტუაციაა დღეს ევროპაში — იმ ევროპაში, რომელიც ოდესღაც მარგარეტ ტეტჩერის სახელით ქუხდა, დღეს კი მის ადგილზე ვხედავთ ურსულა ფონ დერ ლაიენს, რომელიც საკუთარმა მხარდაჭერილმა, უნგრეთის პრემიერმა ისე გააკრიტიკა, როგორც ჩვენთან იტყვიან — „რიონის წყალი ვერ გარეცხავსო“. თუმცა, მათთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს. კიდევ არიან კუბილიუსის მსგავსი პოლიტიკოსები და სწორედ ამ კოლექტიურმა კუბილიუსებმა, ფონ დერ ლაიენებმა და იუკნევიჩიენებმა მოიცვეს დღეს ევროპის კონტინენტი და ევროპული პოლიტიკა.
რატომ იღებენ ამ რეზოლუციებს ასე გაშმაგებით? იმიტომ, რომ ესენი ერთმანეთს ავსებენ — როგორც დათა თუთაშხია და მუშნი ზარანდია ვერ იარსებებდნენ ერთმანეთის გარეშე, ანალოგიური სიტუაციაა აქაც. მათ მშვენივრად უწყიან, რომ თუ საქართველოში არეულობას ვერ მიაღწიეს და თუ უკრაინაში ომი დასრულდა, მათ ძალიან მძიმე საბრალდებო განაჩენები ელოდებათ. ამიტომ, ეს ადამიანები უპირველეს ყოვლისა საკუთარი თავის გადარჩენაზე ფიქრობენ და სწორედ ამის გამო მიმართავენ ამ რეზოლუციებს, რომელთაც მართლაც ჩალის ფასიც კი აღარ აქვთ. პრინციპში, რა უნდა მოსთხოვო იმ პირებს, რომლებმაც ისიც კი არ იციან, ირანი გეოგრაფიულად სად მდებარეობს?! მე მგონი, ამით ყველაფერი ნათელია“, – განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ.


