„ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერს სამართლებრივი სახელი უნდა დაერქვას, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანაში სიმშვიდე ვერ იქნება და ეს ძალები მუდმივად იტრიალებენ იმ მანკიერი წრის გარშემო, რასაც საქართველოს ღალატი ჰქვია“ – ედიშერ გვენეტაძე საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის აკრძალვის სარჩელზე

26

„ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერს სამართლებრივი სახელი უნდა დაერქვას, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანაში სიმშვიდე ვერ იქნება და ეს ძალები მუდმივად იტრიალებენ იმ მანკიერი წრის გარშემო, რასაც საქართველოს ღალატი ჰქვია“, – ამის შესახებ ისტორიკოსმა, ედიშერ გვენეტაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის აკრძალვის სარჩელზე საუბრისას განაცხადა.

„ვშიშობ, სანამ საკონსტიტუციო სასამართლო ამ საკითხზე მსჯელობას გამართავს, მანამ „ფაჩიკოს გარმონივით“ დაიშლებიან ესენი. თუმცა, ეს სასამართლო პროცესი მაინც აუცილებელია, ვინაიდან იურიდიულად უნდა დადასტურდეს ის, რასაც დღევანდელ რეალობაში ფაქტობრივად ისედაც ყველა ვხედავთ.

ეს ნაბიჯი უპირველეს ყოვლისა მომავალი თაობებისთვისაა საჭირო — იმისთვის, რომ მომავალში ვინმემ აღარასოდეს გაბედოს იმის გაკეთება, რაც ამ კოლექტიურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაიდინა. აგერ, უკვე მე-14 წელია, ისინი ყოველდღიურად, ყოველწამიერად ქვეყნის ღალატზე ფიქრობენ: როგორ უმტრონ სახელმწიფოს, როგორ შემოიყვანონ აქ უცხო ქვეყნის ემისრები და როგორ ჩართონ ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებაში.

კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია ის, რომ ქვეყანას სჭირდება ჯანსაღი ოპოზიცია. საქართველოში ჯანსაღი ოპოზიციური ფრთა მანამ ვერ ჩამოყალიბდება, სანამ ბაზარზე იარსებებენ ისეთი პოლიტშარლატანები, როგორებიც კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არიან.

აქედან გამომდინარე, ერთხელ და სამუდამოდ, ყველაფერს სამართლებრივად უნდა დაერქვას თავისი სახელი, ყველას მიესაჯოს კუთვნილი და ყველაფერი თავის ადგილზე დადგეს. თუ სამართალი არ აღსრულდება, ქვეყანაში სიმშვიდე ვერ იქნება და ეს ძალები მუდმივად იტრიალებენ იმ მანკიერი წრის გარშემო, რასაც საქართველოს ღალატი ჰქვია“, – განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ.