„მიხეილ სააკაშვილი, როგორც პოლიტიკური ფიგურა, დასრულებულია და მისმა პატრონებმა ის პოლიტიკურ სანაგვეზე მოისროლეს“, – ამის შესახებ ისტორიკოსმა, ედიშერ გვენეტაძემ „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
„მოკლედ, ახლა სამყარო ნანუკა ჟორჟოლიანისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ ტრიალებს. ეს არის ზუსტად ის ლოგიკური დასასრული, რაც ამ პარტიას უნდა დადგომოდა, იმიტომ რომ ესენი არიან უსამშობლოთა და ინტელექტისგან საბოლოოდ დაშრეტილთა გაერთიანება — ისინი ნაბიჯ-ნაბიჯ სწორედ აქეთკენ მიდიოდნენ.
ღმერთმა დამიფაროს, ნანუკა ჟორჟოლიანს შევადარო ისინი, ვინც აქამდე იყვნენ ამ პარტიის თავმჯდომარეებად, თუმცა გრიგოლ ვაშაძე (მასზე, სხვებთან შედარებით, ინტელექტის თვალსაზრისით ნაკლები კითხვები მაქვს) პირდაპირ რუსეთის წარმომადგენელი იყო, რაც ძალიან კარგად ვიცით. იქიდან მოყოლებული, ყველას გვახსოვს, როგორი „ინტელექტუალი“ მოვიდა ხაბეიშვილის სახით. ამის შემდეგ იყო თინიკო ბოკუჩავა, რომელსაც თავმჯდომარეობისას ქმარი მოსტაცეს, ხომ წარმოგიდგენიათ?! ახლა კი მოვიდა „ქართველი მარგარეტ ტეტჩერი“, წიგნების მოყვარული და მკითხველი ნანუკა ჟორჟოლიანი. აი, რა შეიძლება ამ ყველაფერზე ითქვას. „რაც ალხანა, ის ჩალხანაო“ — ასე იტყვის ქართველი კაცი ამის შესახებ.
ერთ-ერთმა ცნობილმა ქართველმა პოლიტიკოსმა 1918-1920 წლებში ასეთი რამ თქვა: „ჩვენ უფსკრულისკენ მივექანებითო“, ხოლო 1920 წლის ბოლოს დაამატა — „ჩვენ უკვე უფსკრულში ვართო“. ანალოგიური სიტუაციაა „ნაციონალურ მოძრაობაშიც“. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, სააკაშვილი რას წარმოადგენდა, როგორ ტალღაზე მოვიდა, რა ძალებმა მოიყვანეს ის ხელისუფლებაში და შემდეგ რა გააკეთა — დაწყებული საქართველოში იმ ე.წ. არაჟნებით შემოპარვით, დასრულებული ციხიდან ჩადენილი ქმედებებით, რასაც შემდეგ საავადმყოფოში გადაყვანისას აგრძელებდა. მთელ იმ პოლიტიკურ ორგიებს, რომლებსაც ის ატარებდა, ეს პარტია სწორედ იმ ადგილამდე უნდა მიეყვანა, სადაც ახლა იმყოფებიან.
ისიც კარგად მოგეხსენებათ, რომ სააკაშვილი ავადმყოფურად ეჭვიანია ყველასა და ყველაფრის მიმართ. ამიტომ, ნანუკა ჟორჟოლიანსაც დიდხანს არ მოუწევს იქ ყოფნა — მასაც მალე ჩაანაცვლებენ ვიღაცით და ამ პარტიის წიაღში კიდევ უფრო მეტი ოდიოზური ფიგურა გამოჩნდება. მიხეილ სააკაშვილი, როგორც პოლიტიკური ფიგურა, დასრულებულია და მისმა პატრონებმა ის პოლიტიკურ სანაგვეზე მოისროლეს — ფაქტი სახეზეა“, – განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ.


