პრემიერი: “2012 წელს ჩვენი მოსახლეობა საშემოსავლო გადასახადის სახით იხდიდა 1 მლრდ 764 მლნ ლარს. 2020 წელს ეს მაჩვენებელი გახდა 3 მლრდ 326 მლნ ლარი და შარშან ეს მაჩვენებელი იყო 8 მლრდ 261 მლნ ლარი – ეს ნიშნავს, რომ ის ეკონომიკური ზრდა, რაც აქვს ქვეყანას, პირდაპირ აისახება მოსახლეობაზე”

21

“გვაქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდის საშუალოვადიანი პროგნოზი, რომლის თანახმადაც, 2026-2031 წლებში საქართველოს ექნება ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, როგორც რეგიონში, ასევე მთლიანად, ევროპის მასშტაბით. ეს პროგნოზი ეფუძნება კონკრეტულ მაჩვენებლებს, იმ ტენდენციებს, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას გასული ხუთი წლის განმავლობაში”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში სამთავრობო პროგრამის შესრულების ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას.

„ხშირად ისმება კითხვა – რამდენად აისახება მოსახლეობაზე სწრაფი ეკონომიკური ზრდა. ამის ერთ-ერთი საუკეთესო ინდიკატორია გადახდილი საშემოსავლო გადასახადები. საშემოსავლო გადასახადს იხდის, დაახლოებით, მილიონი ჩვენი თანამოქალაქე, დაქირავებით დასაქმებული თითქმის ყველა პირი.

2012 წელს ჩვენი მოსახლეობა საშემოსავლო გადასახადის სახით იხდიდა 1 მლრდ 764 მლნ ლარს. 2020 წელს ეს მაჩვენებელი გახდა 3 მლრდ 326 მლნ ლარი და შარშან ეს მაჩვენებელი იყო 8 მლრდ 261 მლნ ლარი. ეს ნიშნავს იმას, რომ დაბეგვრის შემდეგ ჩვენი მოსახლეობის შემოსავლები შეადგენს 33 მლრდ ლარზე მეტს. როდესაც იგივე მაჩვენებელი 2020 წელს იყო 13, 3 მლრდ. 13, 3 მლრდ-დან მოსახლეობის შემოსავალი გაიზარდა და გადასცდა 33 მილიარდს, 2012 წელს კი ეს მაჩვენებელი იყო 7,1 მილიარდი ლარი. ეს ნიშნავს, რომ ის ეკონომიკური ზრდა, რაც აქვს ქვეყანას, პირდაპირ აისახება მოსახლეობაზე“, – განაცხადა პრემიერმა.