ირაკლი კობახიძე: “2025 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაიზარდა 7,6 პროცენტით და შეადგინა დაახლოებით 1,7 მილიარდი დოლარი. სავალუტო რეზერვებმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 7 მილიარდ დოლარს გადააჭარბა”

14

“2025 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაიზარდა 7,6 პროცენტით და შეადგინა დაახლოებით 1,7 მილიარდი დოლარი. სესხების დოლარიზაციის მაჩვენებელი შემცირდა 42,4 პროცენტამდე. ძალიან მნიშვნელოვანია ლარის კურსის სტაბილურობა”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.

„სავალუტო რეზერვებმა ამის პარალელურად მიაღწია რეკორდულ მაჩვენებელს და გადააჭარბა 7 მილიარდ დოლარს. მხოლოდ გასულ თვეში, მაისში, ეროვნულმა ბანკმა შეისყიდა რეკორდული ოდენობის – 633 მილიონი დოლარის სავალუტო რეზერვები. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და საქართველოს ეროვნულ ბანკს გადავუხადო მადლობა გაწეული საქმიანობისთვის.

28 იანვარს ფინანსთა სამინისტრომ ლონდონის საფონდო ბირჟაზე 500 მილიონი დოლარის ნომინალური ღირებულების ევროობლიგაციები განათავსა. მოთხოვნა 5,5-ჯერ აღემატებოდა გამოსაშვებ მოცულობას, რაც მეტყველებს, ბუნებრივია, ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკური პერსპექტივის მიმართ ინვესტორების ნდობაზე. კუპონის განაკვეთმა შეადგინა 5,125 პროცენტი.

ასევე, 21 მაისს ფინანსთა სამინისტრომ 400 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების სახაზინო ობლიგაციები გამოუშვა. მოთხოვნა ამ შემთხვევაში 4,5-ჯერ აჭარბებდა გამოსაშვებ მოცულობას. კუპონის განაკვეთი იყო 9 პროცენტი. ასევე, კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო ინარჩუნებს მსოფლიოში პირველ ადგილს ბიუჯეტის გამჭვირვალობის თვალსაზრისით.

მთლიანობაში ფინანსთა სამინისტრომ გასწია ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო გასული ერთი წლის განმავლობაში, რისთვისაც ფინანსთა მინისტრს მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.