“სახმელეთო სექტორში განხორციელდა ძალიან მნიშვნელოვანი საკადრო, საოპერაციო შესყიდვების ოპტიმიზაციის პროცესი. დაიზოგა წლიურად 374,000 ლარი. ნებართვების გაცემის პროცესი გახდა გამჭვირვალე და სამართლიანი”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.
„აღიკვეთა ნებართვების გადაყიდვის პრაქტიკა, ასეთი მანკიერი პრაქტიკა იყო ჩამოყალიბებული და 6,214 გადამზიდავი მოექცა თანაბარ პირობებში.
გადამზიდავთა 4 ასოციაციას ჩამოერთვა და სააგენტოს დაუბრუნდა ნებართვების განაწილების უფლება. აქაც ეს მანკიერი პრაქტიკა იყო ჩამოყალიბებული, შუამავლებით ოპერირების პრაქტიკა. პარტნიორ ქვეყნებთან მოლაპარაკებების შედეგად, ნებართვების კვოტები გაიზარდა 10%-ით.
განხორციელდება არასერტიფიცირებული ავტოსადგურების სერტიფიცირება. ყველა მუნიციპალიტეტში იფუნქციონირებს სულ მცირე ერთი სერტიფიცირებული ავტოსადგური. პირველი კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისთვის ამოქმედდება სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება. გაციფრულდება რეგიონში პარტნიორ ქვეყნებთან არსებული სატვირთო და სამგზავრო ნებართვები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


