ირაკლი კობახიძე: “ტურიზმი 2025 წელი იყო რეკორდული შემოსავლების თვალსაზრისით – ტურიზმიდან შემოსავალმა გასულ წელს 4.7 მილიარდი დოლარი შეადგინა”

17

“ტურიზმი 2025 წელი იყო რეკორდული შემოსავლების თვალსაზრისით – ტურიზმიდან შემოსავალმა შეადგინა 4.7 მილიარდი დოლარი გასულ წელს”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, სადაც სამთავრობო პროგრამის შესრულების ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.

„2025 წელს ვუმასპინძლეთ 7.8 მილიონ საერთაშორისო მოგზაურს, აქედან 5 522 000 იყო ტურისტული ვიზიტი. ამ ნაწილში გვაქვს 8.4%-იანი ზრდა.

მიუხედავად იმისა, რომ იყო კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში, რაც დაეტყო, ბუნებრივია, ტურისტულ ნაკადებს, ტურიზმიდან შემოსავლები, ამის მიუხედავად, 2026 წლის პირველ კვარტალშიც გაიზარდა 0.5%-ით.

ამავე კვარტალში, წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით, საქართველოს აეროპორტები მოემსახურა 4.3%-ით მეტ მგზავრს, 1 600 000-ზე მეტი იყო მგზავრთა რაოდენობა, შესრულდა 7 800 რეისი.

ამ პერიოდის განმავლობაში გაიხსნა 20 ახალი სასტუმრო, დაახლოებით, 1 000 სასტუმრო ნომრით. დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ფუნქციონირებს 2 691 სასტუმრო 53 000 ნომრით. ძალიან მნიშვნელოვანი მარკეტინგული აქტივობები ხორციელდება ეკონომიკის სამინისტროს მიერ ჩვენთვის სტრატეგიულ ბაზრებზე“, – განაცხადა პრემიერმა.