“უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულმა ასოციაციამ (ENQA) გამოაქვეყნა ექსპერტების საბოლოო დასკვნა, რომლის მიხედვით, საქართველოში განათლების ხარისხის მიმართულებით არსებული მექანიზმები სრულ თავსებადობაშია ევროპულ სტანდარტებთან. ეს გახლავთ ბოლო პერიოდში გატარებული რეფორმებისა და არსებული მიღწევების უმნიშვნელოვანესი აღიარება”, – განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.
„სწორედ ეს გადაწყვეტილება დაედება საფუძვლად იმ მიმართვას, რომელსაც განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრი წარადგენს უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრში, რათა მიმდინარე წლის შემოდგომაზე მიღებულ იქნას შესაბამისი გადაწყვეტილება და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს სამართლიანად აღუდგეს სტატუსი, რაც კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი აღიარება იქნება.
უმაღლესი განათლების რეფორმის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ხარისხის უზრუნველყოფის გაუმჯობესებაა. ამ კუთხით, ბოლო თვეების განმავლობაში გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები, როგორც საკანონმდებლო ცვლილებების, ისე შიდა ნორმატიული აქტების უზრუნველყოფის თვალსაზრისით.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიმართვის საფუძველზე, ENQA-მ დეტალურად შეისწავლა ეს ცვლილებები და განხორციელებული რეფორმები; სწორედ ამის შედეგია დღეს მიღებული დასკვნა, რომელიც კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მიღწევების საფუძველი გახდება“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.


