„ჩვენ მუდმივად ვაგრძელებთ წინსვლას — არა ვინმესთვის თავის მოსაწონებლად, არამედ იმიტომ, რომ ეს ჩვენს მოქალაქეებსა და მათ კეთილდღეობას სჭირდება“ – ვლადიმერ ბოჟაძე

21

„ჩვენ მუდმივად ვაგრძელებთ წინსვლას — არა ვინმესთვის თავის მოსაწონებლად, არამედ იმიტომ, რომ ეს ჩვენს მოქალაქეებსა და მათ კეთილდღეობას სჭირდება“, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.

„უკანასკნელმა მოვლენებმა — არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანასთან, არამედ მთელ მსოფლიოსთან მიმართებით — აჩვენა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს ფაქტობრივად აღარც ფუნქცია აქვთ და აღარც ისეთი ავტორიტეტი, რომ მათი სახელით მიღებულ გადაწყვეტილებებს თუნდაც წევრი სახელმწიფოები დაემორჩილონ. ზოგადად, საერთაშორისო წესრიგი, რომელზეც მსოფლიო უსაფრთხოება უნდა იყოს დაფუძნებული, აღარ არსებობს. სწორედ ამიტომ ხდება ის, რაც დღეს ხდება რუსეთ-უკრაინის კონტექსტში, ირანთან მიმართებით თუ მსოფლიოს სხვა ცხელ წერტილებში. ფაქტობრივად, ახლა ახალი მსოფლიო წესრიგი ყალიბდება და თუ რა ფორმას მიიღებს ეს პროცესი, არავინ იცის.

წარსულში ეუთოს დასკვნა არჩევნების შესახებ ყველა სახელმწიფოსთვის უზენაესი ჭეშმარიტება და ერთგვარი საბრალდებო ვერდიქტიც კი იყო – რასაც ეუთო იტყოდა, ასპროცენტიან რეალობად აღიქმებოდა. სწორედ ამიტომ, ორგანიზაცია არჩევნების საბოლოო დასკვნას კენჭისყრიდან დაახლოებით ორი თვის შემდეგ აქვეყნებდა, რათა ამ შეფასებას გავლენა არ მოეხდინა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებზე. ახლა კი გვახსოვს, რომ ჯერ ერთი, ეუთოს მისია საქართველოში გვიან ჩამოიყვანეს, და მეორეც — მათ დასკვნაში ეწერა, რომ არჩევნები საქართველოში შედგა – იყო კარგად ორგანიზებული, კონკურენტუნარიანი და ა.შ. თუმცა, თუკი ეუთოს დასკვნას შენთვის მაინც არანაირი ფასი არ აქვს და მაინც ცდილობ, არ აღიარო ხელისუფლება (არადა, საპარლამენტო არჩევნებიდან უკვე ორი წელი გავიდა), მაშინ ასეთი სადამკვირვებლო ორგანიზაციის ჩამოსვლას, თუნდაც 2028 წელს, რა აზრი ექნება?!

თუმცა, ერთია მათი პოლიტიკური განცხადებები, რეზოლუციები თუ შეფასებები, და მეორეა მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და თავად ევროკომისიის რეიტინგები. ამ რეიტინგებში, უამრავი რეფორმის წყალობით, ჩვენ ბევრ ქვეყანაზე წინ ვართ — მათ შორის, ნატოსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებზეც. სწორედ ამას არ გვპატიობენ. ე.წ. ლობიზმში, პოლიტიკურ განცხადებებსა და იმ რეზოლუციების ტექსტების შედგენაში, რომლებიც სინამდვილეში აქ იწერება და იქ იგზავნება, პირდაპირი დაფინანსება იხარჯება.

მიუხედავად ამისა, ჩვენ მუდმივად ვაგრძელებთ წინსვლას, და ამას ვაკეთებთ არა ვინმესთვის თავის მოსაწონებლად, არამედ იმიტომ, რომ ეს ჩვენს მოქალაქეებსა და მათ კეთილდღეობას სჭირდება. რაც მთავარია, ჩვენი სუვერენიტეტის დაცვა ჩვენთვის უმთავრესი ამოცანაა“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.