ვლადიმერ ბოჟაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ დროსაც ხომ არსებობდა ეუთო? რომელიმე წევრმა სახელმწიფომ განაცხადა — სააკაშვილი ქვეყანას ანგრევს, დიქტატორია, ქუჩაში ხალხს ხოცავენ და მოდით, საერთაშორისო მექანიზმები გამოვიყენოთო? მაშინ რატომ არ შეწუხდნენ?“

25

„ნაციონალური მოძრაობის“ დროსაც ხომ არსებობდა ეუთო? რომელიმე წევრმა სახელმწიფომ განაცხადა — სააკაშვილი ქვეყანას ანგრევს, დიქტატორია, ქუჩაში ხალხს ხოცავენ და მოდით, საერთაშორისო მექანიზმები გამოვიყენოთო? მაშინ რატომ არ შეწუხდნენ?“ – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.

„ახლა დაგეგმილი აქვთ ქართველი ხალხის დასჯა — საუბრობენ უვიზო რეჟიმის გაუქმებაზე. რის გამო? ერთადერთი მიზეზით: მათთვის წლების განმავლობაში მისაღები იყო ის, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ხდებოდა. მთავარი იყო, „ნაციონალურ მოძრაობას“ გარედან მიეღო დავალება და ის ასი პროცენტით შეესრულებინა, მაშინ არავინ კითხულობდა, რა ხდებოდა ციხეებში ან დემოკრატიის თვალსაზრისით ქვეყანაში, და ეს ჩვენს მოქალაქეებს ძალიან კარგად ახსოვთ. მაშინაც ხომ არსებობდა ეუთო? თანაც, იმ პერიოდში ბევრად უფრო ძლიერი ორგანიზაციაც იყო, მაგრამ რომელიმე წევრმა სახელმწიფომ განაცხადა — სააკაშვილი ქვეყანას ანგრევს, დიქტატორია, ავტოკრატიაა, ქუჩაში ხალხს ხოცავენ და მოდით, ვენის ან მოსკოვის მექანიზმები გამოვიყენოთო? მაშინ რატომ არ შეწუხდნენ?

დღეს კი, როგორც კი გავბედეთ და ვთქვით, რომ თუმცა ვუერთდებით საერთაშორისო სანქციებს, რუსეთის წინააღმდეგ ორმხრივ სანქციებს ვერ დავაწესებთ (რადგან ეს დამანგრეველი იქნება ჩვენი ეკონომიკისთვის) და რაც მთავარია, უკრაინას სამხედრო თვალსაზრისით ვერ დავეხმარებით (რადგან ეს გამოიწვევს რუსეთის მხრიდან პროვოცირებას და ომის ცხელ ფაზაში გადასვლას), მიდგომა მაშინვე შეიცვალა. როგორ თუ ჩვენ არ გამოვაყენებინეთ თავი ჭანჭიკად ამ პროცესებში?! როგორ თუ არ ვიქეცით მეორე ფრონტად და საქართველოს ტერიტორიაზე პროქსი ომი არ მიმდინარეობს?! თურმე სწორედ ამის გამო უნდა დავისაჯოთ. ეს არის ის მწარე რეალობა, რომელშიც ცხოვრება გვიწევს.

მიუხედავად ამისა, ჩვენ საგარეო მიმართულებით ჩვენს პოლიტიკას ვაგრძელებთ: ეს არის არაღიარების პოლიტიკის გაძლიერება და, რაც მთავარია, „შუა დერეფნის“ განვითარება. ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ის როლი, რომელიც ჩვენს ქვეყანას ამ მიმართულებით აქვს, რასაც მოჰყვება როგორც ეკონომიკური განვითარება, ისე სტაბილური უსაფრთხოება და მეტი კეთილდღეობა. სწორედ ამ პრაგმატული ნაბიჯებით უნდა შევძლოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.