„ნატოზე ფიქრი თავიდან უნდა ამოვიგდოთ, მით უმეტეს, რომ მათ საკუთარი პრობლემებიც თავზე საყრელად აქვთ. ჩვენთვის საუკეთესო გამოსავალი სამხედრო ბლოკებისგან დისტანცირება და ნეიტრალიტეტის გამოცხადებაა“, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ რეგიონულმა მდივანმა ლევან ნიკოლეიშვილმა განაცხადა.
„მოდით, გავიხსენოთ რამდენიმე დღის წინ ანკარაში ჩატარებული ნატოს სამიტი: გასაგებია, რომ ნატო სამხედრო ორგანიზაციაა და ერთ დღეში მშვიდობის მტრედებად ვერ იქცევიან, მაგრამ იქ ერთი ადამიანიც კი არ აღმოჩნდა, ვინც იტყოდა — მოდით, მშვიდობაზეც ვიფიქროთო.
ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ ნატოს წევრი ქვეყნები აღტკინებულები და გახარებულები არიან იმით, რომ ომი მათ ტერიტორიაზე კი არა, უკრაინაში მიმდინარეობს (მართალია, მაინც ევროპაშია, მაგრამ მაინც). აბა, ერთი რაკეტა მათთან ჩამოვარდეს და მერე ვნახავთ ბალტიისპირელების წუწუნს.
მთავარი ისაა, რომ ამ ნატოს სამიტმა ჩვენ, ქართველებს, ძალიან კარგი ანალიზის საშუალება მოგვცა. გასაგებია, რაც ხდება — ისინი ომისთვის ემზადებიან, ფიქრობენ, ეშინიათ და მიაჩნიათ, რომ თუ რუსეთი თავდასხმას გადაწყვეტს, მზად უნდა იყვნენ. თუმცა, რას აკეთებენ, ეს მათი საქმე და ნებაა. ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ის არის, თუ რა დასკვნა უნდა გამოვიტანოთ აქედან.
ჩვენთან ჯერ კიდევ არის ადამიანთა გარკვეული ჯგუფი, რომელიც დაჟინებით იმეორებს, რომ ნატოში უნდა შევიდეთ. ჯერ ერთი, ნატოში არავინ გვიღებს, ხოლო რომც მიგვიღონ, ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე უნდა მიგვიღონ. ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ დე ფაქტოდ უნდა ვაღიაროთ აფხაზეთი და სამაჩაბლო, რაც გამორიცხულია. მეორეც, ნატოში ჩვენი გაწევრიანება აპრიორი ნიშნავს რუსეთთან ღია კონფლიქტში შესვლას ამავე ტერიტორიების გამო.
აქედან გამომდინარე, ნატოზე ფიქრი თავიდან უნდა ამოვიგდოთ, მით უმეტეს, რომ მათ საკუთარი პრობლემებიც თავზე საყრელად აქვთ. ჩვენ იმაზე უნდა ვიფიქროთ, რა არის კარგი ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენთვის კი საუკეთესო გამოსავალი სამხედრო ბლოკებისგან დისტანცირება და ნეიტრალიტეტის გამოცხადებაა“, – განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა.


