„რადგან არჩევნებზე ვსაუბრობთ, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ქვეყნის საქმეებში არ ვერევით, სამართლიანობისთვის აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ თუ ზოგიერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში ბოლო დროს ჩატარებულ არჩევნებს ან უკრაინაში ამ კუთხით არსებულ რთულ ვითარებას გადავხედავთ, იოლად დავრწმუნდებით, რომ არაფორმალურ ოლიგარქიულ გავლენებს დაქვემდებარებულ ევროპულ ბიუროკრატიას პრობლემა მხოლოდ საქართველოსთან აქვს, სხვა ქვეყნებში ჩატარებულ არჩევნებს კი, მრავალრიცხოვანი დარღვევების თუ დემოკრატიასთან შეუთავსებელი პროცესების მიუხედავად, ისინი უპრობლემოდ აღიარებენ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
„საგულისხმოა, რომ ევროპულ ბიუროკრატიას, საქართველოს მსგავსად, პრობლემები ჰქონდა უნგრეთთან, ვიდრე ქვეყანას ვიქტორ ორბანი მართავდა, აგრეთვე სლოვაკეთთან და სერბეთთან, ანუ ქვეყნებთან, ხელისუფლებებთან და ლიდერებთან, რომლებიც გამოკვეთილად ეროვნულ პოლიტიკას ატარებენ.
ეს ყველაფერი ცხადყოფს, რომ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული კოორდინირებული კრიტიკის არაერთ ტალღას, რეალურად, არც დემოკრატიის ხარისხთან და არც ადამიანის უფლებებთან არავითარი კავშირი არ აქვს. „დიპ სტეიტისთვის“ მთავარი პრობლემა მოქმედი ხელისუფლებაა, რომელიც არა არაფორმალური ოლიგარქიული გავლენების, არამედ ეროვნული ინტერესების შესაბამისად მოქმედებს. ამიტომაა, რომ უკრაინაში ომის დაწყების დღიდან, საქართველო უსაფუძვლო კრიტიკისა და ცრუ ბრალდებების ქარცეცხლშია გახვეული.
ამ ფონზე, ჩვენი თანამოქალაქეების გარკვეულ ნაწილს შეიძლება გაუჩნდეს ილუზია, რომ სხვა სახელმწიფოების მსგავსად, რომლებიც არაფორმალურ ოლიგარქიულ გავლენებს არიან დაქვემდებარებული, საქართველოც შეიძლება დაჰყვეს „დიპ სტეიტის“ თამაშის წესებს და ამით, ერთხელ და სამუდამოდ დაასრულოს ის ტურბულენტობა, რომელშიც ჩვენს ქვეყანას ევროპული ბიუროკრატია ამყოფებს. ამ ილუზიის თავს მოხვევაა სწორედ არაფორმალური ოლიგარქიული ძალის მიზანი. ეს არის ილუზია, რომლის ვერშეცნობის ფასსაც დღემდე იხდიან ერთ დროს ყველაზე წარმატებული ევროპული სახელმწიფოები. ეს არის ფასი, რომელმაც ეს ქვეყნები ეკონომიკურ სტაგნაციამდე, იდენტობის მოშლამდე და უმძიმეს ღირებულებით კრიზისამდე მიიყვანა“, – განაცხადა პრემიერმა.


