„ეს რეზოლუციები თითქოს ყველა ერთი კაცის დაწერილია, ხშირ შემთხვევაში სიტყვების გადანაცვლებაც კი არ ხდება. სპონსორებიც ისევ ერთი და იგივე ადამიანები არიან“ – თენგიზ შარმანაშვილი

25

„ამ რეზოლუციებს რომ გადავხედოთ, თითქოს ყველა ერთი კაცის დაწერილია, ხშირ შემთხვევაში სიტყვების გადანაცვლებაც კი არ ხდება. სპონსორებიც ისევ ერთი და იგივე ადამიანები არიან“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

„მათი ამოცანები არ შეცვლილა. „დიფსთეითი“ (გნებავთ, სხვა ტერმინი გამოვიყენოთ, მნიშვნელობა არ აქვს) არის რადიკალური ლიბერალური ძალების ერთობა, რომელიც საკმაოდ გავლენიანია. ის ცდილობს, ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, იყოს ისეთი ხელისუფლება, რომელიც უსიტყვოდ შეასრულებს მათ თითოეულ დავალებასა და მითითებას, რაც მათი პოლიტიკის გატარებისთვისაა საჭირო.

რა თქმა უნდა, მათ შერჩეული ჰყავთ თავიანთი აგენტურა, თავისი ხალხი, და თუ დავუკვირდებით, როცა ეს ხალხი იმედებს ვერ უმართლებს, თავადვე გამოდიან ხოლმე აქტიურად და აფიქსირებენ პოზიციას. კარგად გვახსოვს, როდესაც აქ რევოლუციები ვერ მოაწყვეს, 6 საგარეო საქმეთა მინისტრი გამოუშვეს მიტინგზე — წარმოგიდგენიათ?! ასეთი რამ არასდროს მომხდარა, რომ ევროკავშირის ამდენი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ოპოზიციის მიტინგზე მისულიყო და მათი გასაკეთებელი საქმე საკუთარ თავზე აეღო. დროდადრო ჩამოდიოდნენ სხვადასხვა ქვეყნის მინისტრები თუ კომიტეტის თავმჯდომარეები. როთი ხომ, ლამის კვირაში ერთხელ აქ იყო. ამით ისინი ხელს აშველებდნენ აქაურ რადიკალებს, რომლებსაც დამოუკიდებლად არაფერი გამოსდიოდათ.

ახლაც იგივე სიტუაციაა — შექმნეს რაღაც ალიანსები, თუმცა რამდენიმე თვეც არ გასულა და ვხედავთ, როგორ უმოწყალოდ ჭამენ და ლანძღავენ ერთმანეთს. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რას აბრალებენ ერთმანეთს. მათ არც ხელისუფლება სჭირდებათ და არც სხვა ოპონენტი — ყოველგვარი დახმარების გარეშეც მშვენივრად ახერხებენ ერთმანეთის განადგურებას. მიუხედავად ამისა, ამ ევრობიუროკრატებმა ჩათვალეს, რომ ახლაც რამით უნდა წააშველონ ხელი და კვლავ საკუთარ თავზე აიღეს მთავარი როლი იმისთვის, რომ საქართველოში სიტუაცია აურიონ. მათ ჰგონიათ, რომ მსგავსი ტიპის რეზოლუციების ხშირი მიღება საქართველოში ვითარებას შეცვლის, სიტუაციას არევს ან საერთაშორისო ასპარეზზე უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს ჩვენს ხელისუფლებას.

მაგრამ ფაქტი ერთია — ამ რეზოლუციებს რომ გადავხედოთ, თითქოს ყველა ერთი კაცის დაწერილია, ხშირ შემთხვევაში სიტყვების გადანაცვლებაც კი არ ხდება. სპონსორები, ანუ ამა თუ იმ ორგანოში ამ რეზოლუციების წარმდგენები, კვლავ ერთი და იგივე ადამიანები არიან: პირველ რიგში, ამერიკის შეერთებული შტატებიდან — ჯო უილსონი, რომელიც თავიდან საკუთარი ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, კონგრესში ცდილობდა მსგავსი რეზოლუციების მიღებას, ხოლო იქ რომ არ გამოუვიდა, იმ საპარლამენტო ასამბლეაში სცადა ამის გაკეთება, რომლის წევრიც თავად არის (ბოლოს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში იყო რეზოლუციის სპონსორი, ანუ ინიციატორი). ასევე იუკნევიჩიენე და მასთან დაკავშირებული პირები ევროპარლამენტში, და კიდევ სხვა ადამიანები, რომლებიც იმავეს აკეთებენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. სწორედ ამიტომ, ჩვენი ხალხის დამოკიდებულება ამ პირებისა და გაერთიანებების მიმართ ცალსახაა — ყველა ხვდება, რომ ეს ყოველივე მიმართულია იმისკენ, რომ ძალადობრივი და არაკანონიერი გზით მოხდეს ხელისუფლების შეცვლა საქართველოში“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.