„ესენი ხელისუფლებაში რომ მოვიდნენ, საქართველოს ისეთ დღეში ჩააგდებენ, 90-იანი წლები მართლა მოგვენატრება“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
„საქმე ის კი არ არის, ჩვენი პარტია იქნება ხელისუფლებაში თუ ისინი, მოხდება თუ არა ხელისუფლების ცვალებადობა და ასე შემდეგ. აქ საქმე გვაქვს იმასთან, რომ ეს ადამიანები არც კი მალავენ, რის გაკეთებას აპირებენ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში.
ჯერ ერთი, არ დატოვებდნენ მეზობელს, ვისთანაც კონფლიქტი არ გვექნებოდა (და მე კონფლიქტის სიტყვიერ ფაზაზე კი არ ვსაუბრობ, არამედ ცხელ ფაზაზე). რუსეთთან მიმართებით ავანტიურაზე წავიდოდნენ და ამას არც მალავდნენ, ირანთან მიმართებით ახლაც მზად არიან ავანტიურაზე წასასვლელად, და აღარაფერს ვამბობ ეკონომიკურ ავანტიურაზე — ეკონომიკურ ბოიკოტს გამოუცხადებდნენ ირგვლივ ყველას და საქართველოს ისეთ დღეში ჩააგდებდნენ, 90-იანი წლები მართლა მოგვენატრებოდა.
გვსაყვედურობენ, ირანში სამძიმარზე რატომ წახვედითო, როცა ამავე დროს მათ მიერ გაფეტიშებული ქვეყნის ხელმძღვანელიც (სომხეთის პრემიერ-მინისტრი) იქ იმყოფებოდა და იმაზე ხმას არ იღებენ (თუმცა ჩვენც დიდ პატივს ვცემთ, ჩვენი მეზობელი ქვეყნის ხელმძღვანელია). ეს ხდება იმ პირობებში, როდესაც სულ რაღაც ერთი კვირით ადრე სომხეთში ურსულა ფონ დერ ლაიენი იყო ჩასული და ევროინტეგრაციის მომავალ გეგმებზე საუბრობდნენ. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ერთად, ის ამერიკის პრეზიდენტის ოვალურ კაბინეტში იმყოფებოდა, სადაც ხელი მოაწერეს სტრატეგიულ შეთანხმებას ცნობილი ზანგეზურის პროექტის განვითარების თაობაზე.
აი, ამ ქვეყნის ხელმძღვანელი იყო ირანში ჩასული და განა ცუდად მოიქცა? არა, სწორად მოიქცა! ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც შენს ქვეყანას საფრთხეს ააცილებს, უნდა გადადგა. და თუ სომხეთის პრემიერის ნაბიჯს დადებითად აფასებ, რადგან ის ამას საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე აკეთებს, მაშინ ჩვენც ხომ იმავეს ვაკეთებთ?! ჰოდა, კეთილი ინებონ და თავი დაანებონ ამ ორმაგ სტანდარტებს“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.


