თენგიზ შარმანაშვილი ალეკო ელისაშვილის საქმეზე: „ევრობიუროკრატებმაც და ALDE-ს წარმომადგენლებმაც ძალიან კარგად იციან, რომ ეს წმინდა წყლის ტერორისტული აქტია, თუმცა მათგან ამ ფაქტის დამგმობი არცერთი სიტყვა არ მოგვისმენია. არადა, ტერორიზმი რომ ცალსახად დასაგმობი და აკრძალულია, ამაზე მთელი მსოფლიო შეთანხმებულია“

24

„ევრობიუროკრატებმაც და ALDE-ს წარმომადგენლებმაც ძალიან კარგად იციან, რომ ეს წმინდა წყლის ტერორისტული აქტია, თუმცა მათგან ამ ფაქტის დამგმობი არცერთი სიტყვა არ მოგვისმენია. არადა, ტერორიზმი რომ ცალსახად დასაგმობია, ამაზე მთელი მსოფლიო შეთანხმებულია“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ სარმანაშვილმა ალეკო ელისაშვილის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

„ეს იყო წმინდა წყლის ტერორისტული აქტი, მიუხედავად იმისა, რომ ვიღაცები ამას ახლა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ. კაცმა თავად განაცხადა სასამართლო სხდომაზე, რომ გარკვეული პერიოდი ფიქრობდა, შავ ბაზარზე ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღი ხომ არ შეეძინა, რათა პროკურორებსა და მოსამართლეებს ჩასაფრებოდა. მართალია, ბევრი ფიქრის შემდეგ გადაიფიქრა და ამ განზრახვაზე ხელი აიღო, თუმცა მოიფიქრა, რომ სასამართლოში მისულიყო და შენობა გადაეწვა. მისივე თქმით, ამით პროტესტი უნდა გამოეხატა და სასამართლოს მუშაობა შეეფერხებინა. ეს ყველაფერი თავად აღიარა, ახლა კი მისი ადვოკატები და მხარდამჭერები ამ ყოველივეს ეჭვქვეშ აყენებენ.

ევრობიუროკრატებმაც და ALDE-ს წარმომადგენლებმაც ძალიან კარგად იციან (რადგან არ მგონია, ევროპაში იურიდიული კონსულტაციების დეფიციტი იყოს), რომ ეს წმინდა წყლის ტერორისტული აქტია, თუმცა მათგან ამ ფაქტის დამგმობი არცერთი სიტყვა არ მოგვისმენია. არადა, ტერორიზმი ცალსახად დასაგმობია და ამაზე მთელი მსოფლიო შეთანხმებულია.

საინტერესოა, ახლა რის გადახედვას აპირებს ALDE? ან რის გადახედვას აპირებენ აქაური რადიკალები? ამბობენ, პოლიტიკური ბრძოლის სხვა გამოსავალი არ დაუტოვესო. ცნობილი ტერორისტებიც ხომ ასე ამბობდნენ — ჩვენ, ისლამის მიმდევარ მოქალაქეებს გვდევნიან და სხვა გზას არ გვიტოვებენო, მაგრამ გაამართლა ისინი კაცობრიობამ? ამაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. ტერორიზმი ნებისმიერი ფორმითა და გამოვლინებით დასაგმობია.

ასეთ ვითარებაში, რა დონის კონიუნქტურული აზროვნება უნდა ჰქონდეს ALDE-ს ხელმძღვანელობასა და ევრობიუროკრატიას, რომ ხმასაც არ იღებენ. იმასაც კი არ ამბობენ, რომ მსგავსი გზა მიუღებელია და ოპოზიციურმა ძალებმა, თუნდაც სხვა, რადიკალური ფორმები მოძებნონ, ოღონდ ტერორიზმს არ გაეკარონ. ამ ტიპის განცხადებაც კი არ გაუკეთებიათ.

ეს არის საშინელი რეალობა, როდესაც საკუთარი პოლიტიკური ამოცანის შესასრულებლად წამსვლელი ხარ იმაზე, რაზეც კაცობრიობა დიდი ხანია შეთანხმდა, რომ აკრძალული და ყოვლად დაუშვებელია“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.