ირაკლი რუხაძე: “სააკაშვილთან ბადრი პატარკაციშვილის დაპირისპირება დაიწყო გირგვლიანით. „იმედმა“ როცა აჩვენა, რომ გირგვლიანი მოკლა სახელმწიფომ, ეს იყო, რამაც, ფაქტობრივად, გააჩერა და დაძაბა ჩვენი ურთიერთობა მთავრობასთან”

11

„სააკაშვილთან [ბადრი პატარკაციშვილის] დაპირისპირება დაიწყო გირგვლიანით. როცა მოხდა გირგვლიანის ამბავი, საბოლოოდ, მაშინ აფეთქდა ყველაფერი. შეიძლება ეს ყველაფერი მზადდებოდა და ორთქლი გროვდებოდა, მაგრამ აფეთქება გამოიწვია გირგვლიანმა“, – განაცხადა ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ გადაცემაში „საქართველოს დაბადება“.

„მას შემდეგ, რაც „იმედმა“ განაცხადა, რომ სახელმწიფომ მოკლა სანდრო გირგვლიანი, დაიწყო დაძაბული ურთიერთობა ხელისუფლებასთან, რამაც, ფაქტობრივად, მისი და ბადრი პატარკაციშვილის ბიზნეს საქმიანობა გააჩერა – იმიტომ, რომ ბადრის კამერებმა გადაიღო ის მანქანები. ბადრის სახლი არის იქ. ყველას ჰგონია, რომ ქორწინების სასახლეში ცხოვრობდა, მაგრამ იქ ოფისი ჰქონდა, ცხოვრობდა მთაწმინდაზე და ახლაც მისი ოჯახის სახლია. როცა მთაწმინდაზე ეს მანქანები მიდიოდნენ იქ, სადაც ამ საწყალი ბიჭის უბედურება მოხდა, ის გადაიღო ბადრის სახლის კამერებმა. ამიტომ ჩვენ გვქონდა კამერები, მანქანების ნომრები და ზუსტად ვიცოდით, დადგენილი გვქონდა, რომ ნომრები ეკუთვნოდა მერაბიშვილის უწყებას. სახელმწიფო ნომრები იყო. ბადრიმ თქვა, რომ ეს ეჩვენებინა „იმედს“. ვერ გაგვაჩერეს. ყველა გვაჩერებდა, ჩემზე გამოდიოდნენ, ყველაზე გამოდიოდნენ… ვერ გაგვაჩერეს და აქედან დაიწყო აფეთქება.

„იმედმა“ როცა აჩვენა, რომ გირგვლიანი მოკლა სახელმწიფომ, ეს იყო, რამაც, ფაქტობრივად, რაღაც მომენტამდე შეუბრუნებლად გააჩერა და დაძაბა ჩვენი ურთიერთობა მთავრობასთან.

იმის მერე მე ტენდერი არ მომიგია. მოგებულ ტენდერებს მიუქმებდნენ. ჩუმად ვმონაწილეობდი, რომ მე არ დავენახე. იყო რამდენიმე ტენდერი, რომელიც ისე გავაკეთეთ, რომ არ გამოვჩენილიყავი, რომ ვმონაწილეობდი. მე ვმართავდი ბადრის ფულს მაშინ, რაღაც ნაწილს. ყველაფერი წაგვაგებინეს. როგორც კი მე გამოვჩნდებოდი, იმ წუთში წაგვაგებინებდნენ. ბადრი თუ გამოჩნდებოდა, ხომ საერთოდ კატასტროფა იყო. ეს იყო, სანამ არ მოხდა ეს გარიგება რკინიგზაზე და „იმედის“ გაცვლაზე“, – განაცხადა ირაკლი რუხაძემ.