ირაკლი რუხაძე: „საქართველოში სიტყვის თავისუფლების მთავარი “დამცველი” – ნიკა გვარამია იყო ადამიანი, რომელიც დარბოდა იმის გამო, რომ „იმედის“ აღება „გაეპრავებინათ“ – დადიოდა აშშ-ის საელჩოში, როგორც ადეიშვილის პირველი მოადგილე და უმტკიცებდა, რომ მე ვიყავი დასაჭერი“

24

ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ პოდკასტში „საქართველოს დაბადება“ დაასახელა მიზეზი, რის გამოც მის დაჭერას „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ ახერხებდა.

„მერე დაიჭირეს ჩემი დეიდაშვილი და ჩემი ძალიან ახლო მეგობარი, რომელიც დაიჭირეს მხოლოდ იმიტომ, რომ მე ვერ მიჭერდნენ. არც ვიყავი მაშინ საქართველოში, მაგრამ, როცა ვიყავი, მაშინაც ვერ მიჭერდნენ ამერიკის მოქალაქეობის გამო. ამტკიცებდნენ, სხვათა შორის, რომ დაგუგლოთ, ჩემი სახელი და ნიკა გვარამიას სახელი ერთად WikiLeaks-ში რომ შეიყვანოთ, გამოვა ბევრი დოკუმენტი ამერიკის საელჩოდან, რომელიც მიდის ამერიკაში. ანუ, ელჩი უგზავნის თავის ვიღაც უფროსს იქ, ვისაც აბარებს “რეპორტებს“, – განაცხადა რუხაძემ.

წამყვანის შეკითხვაზე, თუ რა შუაში იყო ნიკა გვარამია, რუხაძემ უპასუხა:

„ნიკა გვარამია დადიოდა საელჩოში, როგორც ადეიშვილის პირველი მოადგილე და უმტკიცებდა, რომ მე ვარ დასაჭერი და ვარ საქართველოს მოქალაქე. ხან უმტკიცებდა, რომ დასაჭერი ვიყავი და, ეტყობა, ვერ მიიღო იქიდან უფლება, რომ დავეჭირე; მერე უმტკიცებდა, რომ საქართველოს მოქალაქე ვიყავი და ამიტომ ჰქონდა უფლება, რომ დავეჭირეთ და არ ვიყავი ამერიკელი. მერე ეს ელჩი წერდა, რომ ეს ყველაფერი „იმედის“ გამო ხდებაო, იმიტომ, რომ ირაკლი დარბის, „იმედს“ იცავს და ეს ყველაფერი იმიტომ არის, რომ „იმედის“ დაბრუნებას ხელი შეუშალოთო. შეიძლება, ზუსტი სიტყვებით არ ვამბობ, მაგრამ დაგუგლეთ და ნახეთ. WikiLeaks-ში ამოდის ეს.

საქართველოში სიტყვის თავისუფლების მთავარი “დამცველი” – ნიკა გვარამია იყო ადამიანი, რომელიც დარბოდა იმის გამო, რომ „იმედის“ აღება “გაეპრავებინათ”. მე ნუ დამიჯერებთ, WikiLeaks-ში ნახეთ“, – განაცხადა ირაკლი რუხაძემ.