ირაკლი რუხაძე: „უაზროდ წაიღეს ყველაფერი ჩვენგან – მთაწმინდის პარკი, “სტანდარტ ბანკი”, “იმედი”, რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, დაგვარტყეს “ბორჯომზე”. ერთ დღეში დაგვარტყეს ხუთ აქტივზე. სააკაშვილს “იმედი” დავაბრუნებინეთ, როცა არჩევნები წააგო“

28

„საქართველოში ჩამოვედი მას შემდეგ, რაც ყველაფერი დავაბრუნებინეთ სააკაშვილს. [დაბრუნების პროცესი ხდებოდა] მოლაპარაკებით, საქართველოს გარეთ, ოღონდ ყველაფერი – “იმედის” გარდა. “იმედზე” მოლაპარაკება საქართველოში მოხდა, ესეც სააკაშვილს დავაბრუნებინეთ, ოღონდ უკვე მერე, როცა არჩევნები წააგო“, – განაცხადა ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ პოდკასტში “საქართველოს დაბადება”.

“სხვა ყველაფერი დავაბრუნებინეთ 2011 წელს. უკვე წელიწად-ნახევარი საქართველოში ვცხოვრობდი. სულ ვიძახდი, რომ ოფშორული ზონა ვართ-მეთქი, იმიტომ, რომ ჩვენ არავინ გვეხებოდა, არავის ვეხებოდით და ვმართავდი ჩვენს აქტივებს: “ბორჯომსაც” ვმართავდით, ყველა სხვა აქტივსაც. რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში შევედი. ყველაფერს ამას ვაკეთებდით. მაგრამ, დავაბრუნებინეთ იმიტომ, რომ ორი არბიტრაჟი გვქონდა საქართველოს გარეთ. უნდა წაეგო [სააკაშვილის ხელისუფლებას] 800 მილიონი დოლარი ერთ საქმეზე. უაზროდ წაიღეს ყველაფერი ჩვენგან: მთაწმინდის პარკი, დაგვარტყეს “ბორჯომზე”, “სტანდარტ ბანკი” წაიღეს – ერთ დღეში დაგვარტყეს ხუთ აქტივზე. “იმედი”, რუსთავის მეტალურგიული ქარხანა… რუსთავზე გვქონდა ცალკე არბიტრაჟი, “იმედზე” – ცალკე და, დიდი ალბათობით, წააგებდნენ მილიარდზე მეტს. ამას ჩვენი იურისტებიც გვეუბნებოდნენ და დარწმუნებული ვარ, მათი იურისტებიც ეუბნებოდნენ. რაც სწორად გვქონდა სტრუქტურირებული, უბრალოდ, ვერ მოკიდეს ხელი. “ბორჯომი” რომ არ გვქონოდა სწორად სტრუქტურირებული, როგორც ახლა გვაქვს ყველაფერი ნიდერლანდებიდან, წაგვართმევდნენ მასაც, მაგრამ, ვერ მოკიდეს ხელი, იმიტომ, რომ სხვა პრობლემა გაუჩნდებოდათ.

დაიჭირეს ხალხი, იჭერდნენ ვიღაცებს, ოღონდ, უფრო ბადრის მხარეს, მაგრამ ვისაც იჭერდნენ, რაც უნდოდათ, მიატანინეს.

“იმედი” ჩემს ხელში არ იყო, მე არ ვაკონტროლებდი “იმედს” კორპორატიულად, იყო ადამიანზე გაწერილი, რომელიც დაიჭირეს შვილთან ერთად, მიაბეს რადიატორზე. მერე იმ ადამიანთან ძალიან ბევრჯერ მაქვს ნალაპარაკები, რაღაც მომენტში ლონდონში გავიყვანეთ, მთელი ამბავი იყო მისი “გაპარება” და ძალიან პოზიტიური როლი შეასრულა სოზარ სუბარმა საქართველოდან მის გაყვანაში – სომხეთის საზღვრამდე სოზარი გამოჰყვა. ეს ყველაფერი ვიცი, მოყოლილი აქვთ, მე თვითონ არ ვმონაწილეობდი, მაგრამ, დაიჭირეს ეს ადამიანი, დაიჭირეს მისი შვილი, პატარა, და უთხრეს, – ამას ცხოვრებაში ვერ ნახავ, თუ “იმედს” არ გადმოაფორმებო და გადააფორმებინეს. ასე წაიღეს “იმედი”, აბა, როგორ წაიღეს?!” – განაცხადა რუხაძემ.