„ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ მოლდოვასა და უკრაინის ე.წ. პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დემოკრატიულ აღმშენებლობას, ინსტიტუციების სიძლიერესა და მედიაპლურალიზმს არ ეფუძნება. წარმატებას ყველა ქვეყანას ვუსურვებ, მაგრამ რა მოცემულობაშიც დღეს უკრაინა და მოლდოვაა, ყველამ კარგად ვიცით“, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, საქართველო ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყნებს ბევრი მიმართულებით უსწრებს.
„წარმატება და პროგრესი თუ ვინმეს ობიექტურად აინტერესებს, ადგნენ, გახსნან ევროკავშირის შესაბამისი ვებგვერდი, მოძებნონ ევროკავშირის წიაღში არსებული სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუციების ანგარიშები და ნახავენ, რომ საქართველო დღევანდელი მოცემულობით არათუ მოლდოვასა და უკრაინას, არამედ ყველა კანდიდატ ქვეყანას, ასევე ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყნებსაც კი უსწრებს ბევრი მიმართულებით“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.


