„ევრობიუროკრატების მხრიდან თავდასხმის ობიექტები ზუსტად იმ დღიდან გავხდით, როდესაც უკრაინაში საომარი მოქმედებები დაიწყო და ჩვენ, შანტაჟისა და უპრეცედენტო ზეწოლის მიუხედავად, უარი განვაცხადეთ, საქართველო უკრაინის მსგავსად პროქსი სახელმწიფოდ ყოფილიყო გამოყენებული“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
„ბოლო ერთი თვე შეიძლება უშუალოდ რეზოლუციების კუთხით შეფასდეს (ერთ თვეში სამი რეზოლუცია მიიღეს), თორემ ევრობიუროკრატების მხრიდან თავდასხმის ობიექტები ზუსტად იმ დღიდან გავხდით, როდესაც უკრაინაში საომარი მოქმედებები დაიწყო და როდესაც ჩვენ — „ქართულმა ოცნებამ“ — შანტაჟისა და უპრეცედენტო ზეწოლის მიუხედავად, უარი განვაცხადეთ, საქართველო უკრაინის მსგავსად პროქსი სახელმწიფოდ ყოფილიყო გამოყენებული.
აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენ თავდასხმის ობიექტები მხოლოდ ევრობიუროკრატიის მხრიდან არ გავმხდარვართ — არ უნდა დავივიწყოთ ამერიკის შეერთებული შტატების მაშინდელი ადმინისტრაციაც. ალბათ გახსოვთ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ბატონი მეთიუ მილერი, რომელიც ჟურნალისტებთან ბრიფინგებს ფაქტობრივად ყოველდღე საქართველოზე საუბრით იწყებდა. ასევე შეგახსენებთ ამერიკის საელჩოს ე.წ. „ქარდებსაც“. თუმცა, მადლობა ღმერთს, შეიცვალა ადმინისტრაცია, შეიცვალა მიდგომები და ახალ ადმინისტრაციას, მინიმუმ, აღარანაირი წნეხი და ზეწოლა აღარ აქვს საქართველოს ომში ჩართვასა და პროქსი ქვეყნად გამოყენებასთან დაკავშირებით. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვაშენებთ ურთიერთობას ამ ქვეყანასთან. ამის საპირისპიროდ, ევრობიუროკრატები კვლავ აგრძელებენ ძველ კურსს, ვინაიდან იქ არ შეცვლილა მმართველი კლასი, მათი გავლენები და ის არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა, რომლის გავლენის ქვეშაც არიან კალასი, ურსულა ფონ დერ ლაიენი თუ მარტა კოსი.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში სამი რეზოლუცია ვიხილეთ. სიმართლე გითხრათ და ყოველგვარი სარკაზმის გარეშე ვამბობ — საერთოდ არ მესმის, რატომ იხარჯებიან ან დროს რატომ კარგავენ ამაზე. კი ბატონო, წლების წინ მსგავს რეზოლუციებს ჰქონდა ეფექტი, ვინაიდან ეს სიახლე იყო და საზოგადოებაში გარკვეული მღელვარება შემოჰქონდა. ამით ისინი თავიანთ აგენტურას — რადიკალურ ოპოზიციასა და მათ მედიასაშუალებებს — აძლევდნენ ინსტრუმენტს, რათა ამ თემებზე სიუჟეტები მოემზადებინათ, ხალხში მღელვარება გამოეწვიათ და ასე შემდეგ.
თუმცა დღეს ეს რეზოლუციები საერთოდ აღარავის აინტერესებს — ეს ინსტრუმენტი გაცვდა. ყველამ გააცნობიერა (ამ შემთხვევაში ვგულისხმობ შეგნებულ ხალხს, ჩვენი მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას), რომ ამ რეზოლუციებს არავითარი იურიდიული ძალა თუ სამართლებრივი ბერკეტი არ გააჩნია და ეს ყველაფერი მხოლოდ „ქართულ ოცნებაზე“ წნეხის გასაზრდელად კეთდება. ასე რომ, აბსოლუტურად ყველაფერი გაშიფრულია, ყველაფერს თავისი სახელი ჰქვია და ყველას კარგად ესმის, რომ საქართველოზე მსგავსი ზეწოლა და შანტაჟი მხოლოდ ერთი მიზეზით გრძელდება: „ქართულმა ოცნებამ“ უარი განაცხადა საქართველოს პროქსი სახელმწიფოდ გამოყენებაზე“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.


