ლევან მაჭავარიანი ევრობიუროკრატებზე: „ჰგონიათ, ამ განცხადებებით ჩვენ რამეს დაგვაკლებენ?! ჩვენ ვერაფერს დაგვაკლებენ — ვერც ჩვენს გუნდს და, მით უმეტეს, ვერც ჩვენს სამშობლოსა და ჩვენს ხალხს. ისევ თვითონ აკლდებათ – საბოლოო ჯამში, რეპუტაცია თავადვე აქვთ შელახული“

17

„ჰგონიათ, ამ განცხადებებით რამეს დაგვაკლებენ?! ჩვენ ვერაფერს დაგვაკლებენ — ვერც ჩვენს გუნდს და, მით უმეტეს, ვერც ჩვენს სამშობლოსა და ჩვენს ხალხს. ისევ თვითონ აკლდებათ — საბოლოო ჯამში, რეპუტაცია თავადვე აქვთ შელახული“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა ევრობიუროკრატებზე საუბრისას განაცხადა.

„რამდენი უაზრობა უნდა მოვისმინოთ. კაია კალასი, რომელიც გახლავთ ევროკომისარი და ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი, ორი წელია ეხვეწება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, ბატონ მარკო რუბიოს შეხვედრას და ორი წელია მასთან შეხვედრას ვერ მიაღწია. ანუ, რამდენად არასერიოზულ ადამიანზე გვაქვს საუბარი — ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი ორი წელია შეხვედრას იხვეწება!

შავი ზღვის რეგიონის ფარგლებში იყო საუბარი და ისევ არ ახსენებს საქართველოს — ქვეყანას, რომელიც 7 ქვეყანას ვაკავშირებთ შავ ზღვასთან. შუა დერეფნის საკვანძო ქვეყანა ვართ. ჯერ ურსულა ფონ დერ ლაიენმა გამოგვტოვა შუა აზიაში, შუა დერეფანზე საუბრისას (რის გამოც ბატონმა ალიევმა სერიოზული საყვედურიც კი უთხრა მას), ახლა კი ქალბატონი კალასი საუბრობს შავ ზღვაზე და საქართველო თითქოს არც არსებობს. აი, ეს არასერიოზული დამოკიდებულება როდემდე უნდა გაგრძელდეს?!

ამით ჰგონიათ, ამ განცხადაბებით ჩვენ რამეს დაგვაკლებენ?! ჩვენ ვერაფერს დაგვაკლებენ — ვერც ჩვენს გუნდს და, მით უმეტეს, ვერც ჩვენს სამშობლოსა და ჩვენს ხალხს. ისევ თვითონ აკლდებათ — რეპუტაცია, საბოლოო ჯამში, თავადვე აქვთ შელახული.

ამით ცდილობენ სახე შეინარჩუნონ და „გაბუტულ რეჟიმში“ იყვნენ, ვინაიდან ძალიან ღრმად შეტოპეს და ახლა აღარ იციან, უკან როგორ დაიხიონ. ჩვენ ვთავაზობთ, რომ დიალოგისთვის ნებისმიერ დროს მზად ვართ. მზად ვართ ჩავიდეთ ბრიუსელში, გადავფურცლოთ უსამართლობის ეს 4-5 წელი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, წარსულზე აღარ ვისაუბროთ და ვილაპარაკოთ მხოლოდ აწმყოსა და მომავალზე — ოღონდ სამართლიანობის პრინციპებიდან გამომდინარე, არგუმენტებითა და ფაქტებით“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.