„ბოლო რეზოლუციებში ტელევიზიების დასანქცირებასაც ითხოვენ. ამით ისინი პირდაპირ ადასტურებენ, რომ საქართველოში აგენტურულ ოპოზიციასა და მათ მიერ მართულ მედიასაშუალებებს გულშემატკივრობენ. მათ რომ ჰკითხო, საქართველოში მხოლოდ „ტვ პირველი“ და „ფორმულა“ უნდა მაუწყებლობდეს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
„ბოლო რეზოლუციებში (ჯამში, თუ არ ვცდები, 15 რეზოლუცია აქვთ საქართველოს შესახებ მიღებული), უკვე მართლმადიდებლობაზე ახდენენ თავდასხმას, რაც ჯერ კიდევ ბატონმა როთმა დაიწყო — ყველას გვახსოვს როდის. თუმცა, ხალხის რეაქციიდან გამომდინარე, მაშინ მიხვდნენ, რომ უნდა გაჩერებულიყვნენ.
ახლა კი თავდასხმას ისევ აგრძელებენ: საპატრიარქო, თურმე, მათი გადმოსახედიდან, რუსული ინტერესების გამტარებელი ყოფილა საქართველოში. ეს არის ერთი სამარცხვინო „ნამატი“, რაც ამ რეზოლუციებში გააჩინეს.
მეორე კი ის არის, რომ რეზოლუციებში ტელევიზიების დასანქცირება მოითხოვეს. ამ შემთხვევაში, მხოლოდ „პოსტვ-ისა“ და „იმედის“ კი არა (როგორც ეს ბრიტანეთმა სამარცხვინოდ გააკეთა), სიაში უკვე „რუსთავი 2-იც“ დაამატეს.
ამით ისინი პირდაპირ ადასტურებენ, რომ საქართველოში აგენტურულ ოპოზიციასა და მათ მიერ მართულ მედიასაშუალებებს გულშემატკივრობენ. მათ რომ ჰკითხო, საქართველოში მხოლოდ „ტვ პირველი“ და „ფორმულა“ უნდა მაუწყებლობდეს“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.


