„ეუთოს საპარლამენტო რეზოლუციით, ფაქტობრივად, მოხდა მათივე წიაღიდან წამოსული სადამკვირვებლო მისიის — ეუთო/ოდირის პირდაპირი უარყოფა და განადგურება“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
„ეუთოს რეზოლუციით მოხდა მათივე წიაღიდან წამოსული ორგანიზაციის (ვგულისხმობ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია) პირდაპირი უარყოფა და განადგურება. ისიც კარგად გვახსოვს, ჩვენი დასაცავი რომ გახდა ეუთოს სადამკვირვებლო მისია, როდესაც მისი გაშავება დაიწყეს ევრობიუროკრატებმა მხოლოდ იმის გამო, რომ მისი ანგარიში არ მოეწონათ.
ანგარიშში ეწერა, რომ არჩევნები იყო კონკურენტული, რომ ცესკომ ადმინისტრირება უმაღლეს დონეზე მოახდინა, რომ აბსოლუტურად ყველა საარჩევნო სუბიექტს ჰქონდა შესაძლებლობა, თავისუფალ გარემოში ეწარმოებინა საარჩევნო კამპანია და ეწერა, რომ საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება.
ბოლო ათი წლის განმავლობაში, რაც ეუთო/ოდირი არჩევნებს აკვირდება, ჩვენთან მიმართებით დაწერილი ანგარიში ყველაზე უკეთ შეფასებული იყო, ვიდრე თუნდაც სომხეთში, მოლდოვაში, უნგრეთსა თუ სხვა ქვეყნებში. იმასაც შეგახსენებთ, რომ ევრობიუროკრატებმა აპელირება იმაზე დაიწყეს, თითქოს ამ ანგარიშში ორი სიტყვა არ იყო გამოყენებული — „თავისუფალი და სამართლიანი“, მაშინ როცა ათ წელზე მეტია, ამ სადამკვირვებლო ორგანიზაციას ეს ტერმინოლოგია საერთოდ ამოღებული აქვს თავისი ანგარიშებიდან.
თითოეული ჩვენი მოქალაქე, რომელიც აზროვნებს და არ არის მიკერძოებული აგენტურის მხრიდან, აცნობიერებს, რომ ეს არჩევნები იყო კარგად ორგანიზებული და კარგად ჩატარებული. „ქართულმა ოცნებამ“ დიდი ანგარიშით გაიმარჯვა. შესაბამისად, ევრობიუროკრატები ამ შედეგს ვერ შეეგუენ და სწორედ ამიტომ დაიწყეს ეუთო/ოდირის ანგარიშის გაშავება — კორუმპირებულ ორგანიზაციასაც კი უწოდებდნენ.
რა თქმა უნდა, კითხვის ნიშანი არ არსებობს — ეს ყველაფერი არის დადგმული სპექტაკლის ნაწილი და ტყუილის ტირაჟირება, მაგრამ დღეს არავის სჯერა არც არჩევნების გაყალბების და არც იმის, რომ სააკაშვილი, მელია თუ ხოშტარია პოლიტპატიმრები არიან. ყველამ კარგად იცის თეთრისა და შავის გარჩევა“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.


