„როდესაც წლების განმავლობაში, საბოტაჟის, ქაოსის შემოტანისა და რევოლუციების დაგეგმვის გარდა არაფერს აკეთებ, შენი ერთადერთი ლოზუნგი კი არის: „შიგნით აქცია, გარეთ სანქცია“ — მაშინ, ბუნებრივია, რომ ამ ყველაფერზე საქმეა აღძრული და გამოძიება შესაბამისი კვალიფიკაციით მიმდინარეობს“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა რადიკალური ოპოზიციის ქმედებებზე საუბრისას განაცხადა.
„ნებისმიერ სხვა ქვეყანაში მინიმუმ იგივენაირად მოიქცეოდნენ, თუ უფრო მკაცრად არა, როგორი მიდგომაც დღეს საქართველოშია. მე არ მინდა სამართლებრივ შეფასებაში შევიდე, ეს არ არის ჩემი სფერო და უფლებაც არ მაქვს, მაგრამ მინდა ეს ყველაფერი პოლიტიკურად შევაფასო.
როდესაც ამდენი წლის განმავლობაში საბოტაჟის, ქაოსის შემოტანისა და რევოლუციების დაგეგმვის გარდა არაფერს აკეთებ და ერთადერთ ლოზუნგად გაქვს: „შიგნით აქცია, გარეთ სანქცია“; როდესაც პეტიციებსა და ხელმოწერებს აგროვებ, რომ ბიზნესი გაჩერდეს; როდესაც ელჩებით დაწყებული ყველას აბულინგებ, რომ არავინ იმუშაოს, დემარში მოუწყონ საკუთარ ქვეყანას და საბოტაჟი თუ დივერსია განახორციელონ. ამას გარდა, განუწყვეტლივ იმაზე საუბრობ და იმას ცდილობ, რომ როგორმე ისეთი მესიჯები გავრცელდეს, ლარის კურსი „გაიქცეს“; ეწევი აგენტურულ საქმიანობას და ატარებ ტრენინგებს იმაზე, თუ როგორ უნდა შემოიტანო მღელვარება ქუჩაში; მაკკეინის ინსტიტუტიდან დიდი ამბით იღებ და ტირაჟირებ გაიდლაინს, სადაც პირდაპირ წერია, როგორ უნდა გადაიზარდოს სამოქალაქო პროტესტი დაპირისპირებაში — და, ბუნებრივია, რომ ამ ყველაფერზე საქმეა აღძრული და გამოძიება მიმდინარეობს იმ კვალიფიკაციით, რაც მიცემული აქვს!
პოლიტიკურად მე შემიძლია შევაფასო, რომ ეს არის სამშობლოს ღალატი. ბრიუსელში გაგზავნილი წერილებით ჩვენ რომ გვეუბნებიან, ევროინტეგრაცია არ გინდათო, და როდესაც 2024 წლის არჩევნების შემდეგ ხაზარაძის პარტია, გახარია, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ახალი“ — კოლექტიური აგენტურა — ეხვეწებოდნენ ევროპას, რომ საქართველოსთვის ყველანაირი ურთიერთობა, კავშირი და დაფინანსება შეეჩერებინათ (და ეს მხოლოდ მოკლე ჩამონათვალია იმისა, რაც ახლა გამახსენდა). ამ ყველაფრის მერე მათ კიდევ უკვირს, რომ შესაბამისი უწყებები დაინტერესდნენ, იყო თუ არა ეს ქვეყნის მიმართ მტრული საქმიანობა?
რა თქმა უნდა, მტრულია — ეს არის ჩემი პოლიტიკური შეფასება და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სამართლებრივადაც ეს ყველაფერი მოექცევა შესაბამის ჩარჩოში, რათა არანაირი კითხვის ნიშანი არ დარჩეს“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.


