„ძალიან ცუდია, როდესაც ეუთო გაურბის პასუხისმგებლობას. სწორედ ასეთმა თვალების დახუჭვამ საპარლამენტო ასამბლეების პოლიტიკურ იარაღად გამოყენებაზე მიგვიყვანა იქამდე, რომ საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი არის მორღვეული. ასევე ხუჭავდნენ თვალს უსამართლო დამოკიდებულებებზე, საერთაშორისო ორგანიზაციების პოლიტიკურ იარაღად გამოყენებაზე და მივედით, სადაც ვართ დღეს, რომ ომები ისე იწყება, რომ არავინ ეკითხება არც რომელიმე ორგანიზაციას, არც საერთაშორისო სამართალს ეფუძნება დღესდღეობით სამყაროში მიმდინარე მოვლენები“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ეუთო-ს პასუხთან დაკავშირებით.
„ამიტომ, ეს არის, უპირველეს ყოვლისა, უდიდესი უპასუხისმგებლობა. ამ რეზოლუციით და ამ რეზოლუციაზე რეაქციით ეუთო-მ დარტყმა მიაყენა საკუთარ რეპუტაციას ქართველი ხალხის თვალში. ამიტომ ეუთო-ს აქვს ბევრი გასაკეთებელი იმისთვის, რომ ეს რეპუტაცია აღიდგინოს ქართველი ხალხის თვალში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის: „ქრონიკამ“ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეასა და ეუთო-ს სათავო ოფისს კითხვით მიმართა, აპირებს თუ არა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა, რეზოლუციის იმ სადავო ჩანაწერებს გადახედოს, რომელზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბრიფინგზე გაამახვილა ყურადღება.
„გმადლობთ ჩვენთან დაკავშირებისთვის. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა დამოუკიდებელი ორგანოა და სწორედ ისინი შეძლებენ თქვენს შეკითხვებზე საუკეთესო პასუხის გაცემას. მათი საკონტაქტო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: ნეტ პერი, კომუნიკაციებისა და პრესის ხელმძღვანელი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, ელ-ფოსტა: nat@oscepa.dk. პატივისცემით, ეუთო-ს პრესსამსახური“, – ასე უპასუხეს „ქრონიკას“ ეუთო-ს სათავო ოფისიდან.


