“ნათქვამია – კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდებისო. ეს ხალხი ფინანსებსა და ფულზე ფიქრობს, როგორც 2008 წლის ტრაგედია და ომი გადაიტანეს იმ მიგდებული 4 მილიარდით, რომლითაც დაამშვიდეს საკუთარი სინდისი”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას შემდეგ განცხადებაზე: „უკრაინა მალე ომს რომ მოიგებს, ტრილიონები დაიხარჯება უკრაინის აღდგენაში ათწლეულის განმავლობაში. აი, საქართველოს არ “მიასუნინებენ” იმ ტრილიონებთან. მთელი ევროპა იქნება მშენებლობით და ფულის კეთებით დაკავებული“.
„ჩვენ არ ვიომეთ, ჩვენი სოფლები, ქალაქები არ დაინგრა და ჩვენი ხალხი არ დაიხოცა. სწორედ ამიტომ გვექაჩებოდნენ ომში ნიკა გვარამია და მისი თანამოაზრეები, ისინი, ვინც მაშინ პარლამენტის შიგნით იყვნენ და ისინი, ვინც გარეთ იყვნენ – „ენჯეოები“, რომლებიც დემონსტრაციებს აწყობდნენ, ჩვენი მებრძოლები რომ გაგვეგზავნა უკრაინაში. გვითრევდნენ ომში, რომლის ბოლოს მილიონებზე, მილიარდებსა თუ ტრილიონებზე რომ ჰქონოდათ წვდომა. თვალწინ ფული აქვთ აფარებული. ფიქრობენ, ომიდან სარგებელი ნახონ. ჩვენ ვიცით, არსებობენ ჯგუფები, რომლებიც ომისგან სარგებელს იღებენ, ამიტომ არის ზოგჯერ ომი განპირობებული იმით, რომ ზოგიერთი ხელს ითბობს. ამ ადამიანმა პირდაპირ განაცხადა, რომ საქართველოში არიან პოლიტიკური ჯგუფები, რომლებსაც სურდათ ომი, რომ შემდგომ ფინანსურად ხელი მოეთბოთ. ეს არის საკუთარი თავის მხილება, რასაც დიდი ხანია, ვხედავდით. ასე უყურებენ 2008 წლის ომსაც – მიიღეს 4 მილიარდი და ბედნიერები იყვნენ. ეს თანხა მიიღეს, რომ საკუთარ სახლიდან გამოქცეული ლტოლვილებისთვის აშენებულიყო სახლები, მაგრამ მათ რაიმე ჩაუნაცვლებდა საკუთარ სახლებს, დაღუპულებს?
როგორც ჩანს, გვარამიას, მისი პოლიტიკური თანამოაზრეებისა და აგენტურის თვალში სიკვდილისა და ნგრევის კომპენსაცია არის ფული. ფულად უღირთ ყველაფერი. მხილებაა, რა საშინელებაში გვითრევდნენ, გვიწრავდნენ ომისთვის, ქალაქების და სოფლების ნგრევისთვის, ქალებისა და ბავშვების სიკვდილისთვის, რომ შემდეგ ფული მიეღოთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


