„ჩვენს თვალწინ იშლება და სრულიად უფუნქციო ხდება ის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ომის პრევენციისთვის, მშვიდობის შესანარჩუნებლად, კულტურული და ეკონომიკური კავშირების გასაღრმავებლად შეიქმნა“ – არჩილ გორდულაძე

22

„ჩვენს თვალწინ იშლება და სრულიად უფუნქციო ხდება ის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ომის პრევენციისთვის, მშვიდობის შესანარჩუნებლად, კულტურული და ეკონომიკური კავშირების გასაღრმავებლად შეიქმნა“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ეუთოს რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.

„ეს არის კონტექსტიდან სრულიად ამოვარდნილი რეზოლუცია, სადაც მხოლოდ ერთი სიმართლე წერია: ის, რომ რეზოლუცია „საქართველოსკენ მიემართება“ – აბსოლუტურად ყველა დანარჩენი სიტყვა კი სიცრუეა.

თუმცა, რა უნდა გაგვიკვირდეს, როდესაც ევროპარლამენტში ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის მინისტრს რუკაზე იმის პოვნაც კი არ შეუძლია, თუ სად არის ირანი. იკრიბებიან ირანის საკითხზე, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე, მათ შორის საუბრობენ საქართველოზეც, მაგრამ რუკაზე ირანს ვერ პოულობენ. როდესაც, ერთი მხრივ, ასეთ გეოპოლიტიკურ უვიცობასთან გვაქვს საქმე, ხოლო, მეორე მხრივ – უსამართლობასთან, შეუძლებელია ამ ყველაფრის უკან არ დავინახოთ ის ძალები, რომლებმაც ყველაფერი ძალიან კარგად იციან, მაგრამ სიმართლის დანახვა უბრალოდ არ აწყობთ.

ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ევროპარლამენტი იქნება, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა თუ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა – მათი რეზოლუციები რომ წაიკითხო, ალბათ, ფანჯარა უნდა გამოაღო და გაიხედო, რომ დარწმუნდე, რეალურად რა ქვეყანაში ცხოვრობ. ყველაზე საინტერესო კი კიდევ ერთი დეტალია: ეუთოს შემთხვევაში, ორგანიზაციის წევრები მხოლოდ ევროპული სახელმწიფოები არ არიან. და აი, სწორედ ის ქვეყნები, რომლებიც თავად საერთოდ არ არიან ევროკავშირის წევრები, ამ რეზოლუციით მოგვიწოდებენ, რომ „ევროკავშირისკენ მიმავალ გზას დავუბრუნდეთ“. აი, აქამდე მივედით.

რაც შეეხება ჯო უილსონს, ის ხომ პირდაპირი და თანაც უკვე გაშიფრული გავლენის აგენტია. ვინც რა თანხას გადაუხდის, ყველაფრის გამკეთებელია – დაწყებული ბროშებით ვაჭრობით, დამთავრებული ტრამპის ინაუგურაციაზე დასასწრები ბილეთების გაყიდვით. აი, ასეთ კომიკურ ფიგურასთან გვაქვს საქმე.

მთავარი მაინც სხვა რამ არის: ჩვენ ზუსტად ვიცით, თუ რა ძალები მოქმედებენ და რა გავლენა აქვთ მათ სხვადასხვა ინსტიტუტზე. ამ გავლენას ერთ-ერთი პირველი დაემორჩილა ამერიკის შეერთებული შტატების წინა, ბაიდენის ადმინისტრაცია; კიდევ უფრო ფეხგადგმული და ხანგრძლივია ეს გავლენები დიდი ბრიტანეთის შემთხვევაში; ევროპარლამენტი კი სრულადაა მოცული ამ ძალების მიერ. იგივე შეგვიძლია ვთქვათ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზეც. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა შედარებით უფრო ახერხებდა საკუთარი სახის შენარჩუნებას, თუმცა ახლა ვხედავთ, რომ მისი რეპუტაციაც სრულიად გაცამტვერებულია.

ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ჩვენ თვალწინ იშლება საერთაშორისო ურთიერთობების საფუძვლები და ის ორგანიზაციები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ომის პრევენციისთვის, მშვიდობის შესანარჩუნებლად, კულტურული და ეკონომიკური კავშირების გასაღრმავებლად შეიქმნა. ვხედავთ, რომ ეს ინსტიტუტები თავიანთ ფუნქციას სრულად კარგავენ. ამ კონტექსტში შეგვიძლია მარკო რუბიოს განცხადებაც მოვიშველიოთ, სადაც ის პირდაპირ ამბობს, რომ არსებობს ორგანიზაციები, რომლებიც „აგურ-აგურ უნდა დავშალოთ“, ვინაიდან ისინი სხვადასხვა ქვეყნებში (მათ შორის, თავად ამერიკის შეერთებულ შტატებზეც საუბრობდა) მხოლოდ გავლენების გასავრცელებლად გამოიყენება“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.