„იმ დროს, როდესაც გარშემო ცეცხლი და ომის ქარტეხილები მძვინვარებს, ჩვენი პრაგმატული პოლიტიკის წყალობით გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაზე ვიმსჯელოთ“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
„კიდევ ერთხელ დასტურდება პრეზიდენტ ტრამპის განცხადება, რომ ევროკავშირი ცივილიზაციური უფსკრულის წინაშე დგას, რაც, სამწუხაროდ, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებზეც შეიძლება განვაზოგადოთ. შეუძლებელია, ეს ვინმეს ახარებდეს და, მით უმეტეს – ჩვენ. ნამდვილი ტრაგედიაა, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციების სრული რღვევა ხდება.
ამ უდიდესი გეოპოლიტიკური ქარტეხილების ფონზე, ჩვენ პირდაპირი მნიშვნელობით დანის პირზე გვიწევს სიარული: ერთი მხრივ, უნდა გადავარჩინოთ საქართველო – რომელიც ჩვენთვის სამშობლოა, სხვებისთვის კი, სამწუხაროდ, მხოლოდ ჯიბეში ჩადებულ პასპორტზე გაკეთებული წარწერა, მეორე მხრივ, პრაგმატული პოლიტიკისა და ცივი გონებით გადადგმული ნაბიჯებით უნდა ვუზრუნველყოთ ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა.
სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენ გვაქვს იმის მსჯელობის ფუფუნება, თუ რომელი ინვესტიციაა უკეთესი, რომელი ქუჩა, მაგისტრალი თუ პორტი განვითარდეს, რა ტიპის აეროპორტი აშენდეს და რომელი ტერმინალი გაფართოვდეს და ამაზე ვსაუბრობთ მაშინ, როდესაც ვხედავთ, თუ როგორი ცეცხლი და ომის ქარტეხილები მძვინვარებს ჩვენს გარშემო“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.


