„ნიკა გვარამიას განცხადება დაახლოებით იმ ცნობილ ფრაზას ჰგავს: „ერთი ადამიანის სიკვდილი ტრაგედიაა, მილიონების კი – სტატისტიკა“. სწორედ უბრალო სტატისტიკად წარმოუდგენიათ ამ ნაცაგენტურის წარმომადგენლებს განადგურებული ქალაქები, ჩამონგრეული ეკონომიკა და დაღუპული ადამიანები“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ნიკა გვარამიას განცხადების შეფასებისას განაცხადა, რომელმაც თქვა: „უკრაინა მალე ომს რომ მოიგებს, ტრილიონები დაიხარჯება უკრაინის აღდგენაში ათწლეულის განმავლობაში. აი, საქართველოს არ “მიასუნინებენ” იმ ტრილიონებთან“.
„ამ განცხადებაში არაფერია ისეთი, რაც აქამდე არ გვინახავს. მაგალითად, ჩვენი გუნდის ლიდერებს არაერთხელ უთქვამთ და საზოგადოების სამსჯავროზე გამოუტანიათ ფაქტი, რომელიც 2022 წელს, უკრაინაში ომის დაწყებიდან სულ რამდენიმე დღეში მოხდა. მაშინ სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შეხვდა და მისი კითხვა ასეთი იყო: „ხომ ხედავთ, რა ხდება უკრაინაში? ზელენსკის ახლა წითელი ხალიჩით ხვდებიან ყველა ქვეყანასა თუ ორგანიზაციაში, თქვენ კი ახლა ასე ხართო“. ამ სიტყვებში – „თქვენ კი ასე ხართო“ – იგულისხმებოდა: „თქვენთან მშვიდობააო“.
ამავე ლოგიკის გაგრძელებაა ნიკა გვარამიას განცხადებაც. ვნახოთ, რა თქვა ამ ადამიანმა: „უკრაინა მიიღებს ტრილიონებსო“. რის ფასად მიიღებს ამ ტრილიონებს? ასიათასობით გარდაცვლილი ადამიანი, ქვეყნიდან გასული დაახლოებით ათი მილიონი ლტოლვილი, განადგურებული ინფრასტრუქტურა, მიწასთან გასწორებული ქალაქები და სოფლები, ქვეყანა ქვეყანას აღარ ჰგავს, ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისით მინიმუმ 50 წლით უკან არის დახეული, ომის ქარცეცხლი მძვინვარებს და ამის საპირწონედ „ტრილიონებს მიიღებსო“ – თანაც, ან მიიღებს და ან არა, ან საერთოდ რა იქნება ამ ყველაფრის შედეგ, კაცმა არ იცის. ანუ, რა პრობლემაა, თუ ტერიტორია აღარ გაქვს? რა პრობლემაა, თუ ჯარისკაცები დაგეღუპა, მშვიდობიანი მოსახლეობა განადგურდა და ასიათასობით დევნილი გყავს? თურმე ეს ყველაფერი თანხით ანაზღაურებადია და პრობლემას არ წარმოადგენს. ისინი უბრალოდ ვერ გამოდიან იმ როლიდან, საიდანაც გამოსვლა ყველაფერზე ხელმომწერი აგენტისთვის შეუძლებელია.
ნიკა გვარამიას განცხადება დაახლოებით იმ ცნობილ ფრაზას ჰგავს: „ერთი ადამიანის სიკვდილი ტრაგედიაა, მილიონების კი – სტატისტიკა“. სწორედ უბრალო სტატისტიკად წარმოუდგენიათ განადგურებული ქალაქები, ჩამონგრეული ეკონომიკა და დაღუპული ადამიანები ამ ნაცაგენტურის წარმომადგენლებს“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.


