საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე, ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებული ონისე ცხადაძის ძმის, სანდრო ცხადაძის იმ სარკასტულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც მან რატი იონათამიშვილის მისამართით გააკეთა.
„საშინელება იკადრა. რა მდაბიოობაა. შავ იუმორს იუმორის ძალიან დიდი გრძნობა და ელემენტარული ინტელექტი სჭირდება – ეს ყველაფერი კი რომ ამ კონკრეტული ადამიანისგან ძალიან შორსაა, ისედაც გასაგებია.
ამ კონტექსტში ძალიან ნიშანდობლივია ერთი ფაქტი: მისი ძმა, რომელიც ახლა ბრალდებულის სახითაა პასუხისგებაში მიცემული, სკოლაში შევარდა, მეგაფონით დადიოდა და სკოლის მოსწავლეებს მოუწოდებდა, წასულიყვნენ აქციაზე. იმ აქციაზე, რომელიც შემდგომ ძალადობაში გადაიზარდა, სადაც სამართალდამცველების დაწვას, პარლამენტის შენობაში შეჭრასა და რევოლუციის მოწყობას ცდილობდნენ. აი, ასეთი მორალის მქონე ადამიანია მისი ძმა, ონისე ცხადაძე. თავად კი შშმ პირზე ბედავს ქილიკს (რატი იონათამიშვილს ნამდვილად არ სჭირდება არავისგან დაცვა, უბრალოდ, საუბარია მის კონკრეტულ სტატუსზე თავდასხმაზე). და ეს ხდება მაშინ, როდესაც რატი იონათამიშვილი, რომლისთვისაც არანაირი შეზღუდული შესაძლებლობა არ არსებობს, ხმალამოღებული იბრძოდა წარსულშიც და ახლაც იბრძვის ადამიანის უფლებების, განსაკუთრებით კი შშმ პირების მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. აი, ასეთ უმსგავსობას ბედავს ვიღაც ცხადაძე.
იცით, აქ კიდევ რა არის საინტერესო? გარედან დაფინანსებული ენჯეოები, რომლებიც ამტკიცებდნენ ადამიანის უფლებებსა და შშმ პირებს ვიცავთო, ახლა სად არიან, ერთ განცხადებას მაინც რატომ არ აკეთებენ? რა თქმა უნდა, რატი იონათამიშვილს არავის დასაცველი არაფერი სჭირს, აქ საუბარია თავად ამ ორგანიზაციების უკიდურეს არაობიექტურობასა და ორმაგ სტანდარტზე.
მორალისა და ზნეობისგან აბსოლუტურად დაცლილი ადამიანები დგანან და გველაპარაკებიან ევროპულობასა და ადამიანის უფლებებზე – ის ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ფეხქვეშ გათელონ არასრულწლოვნებისა თუ შშმ პირების უფლებები და ამ ყველაფერზე იღლიცინონ. აი, ასე, საკუთარი ღლიცინის ამარა დარჩებიან კიდეც“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.


