საქართველო, კეთილდღეობის 2012 წლის შემდგომი 13-წლიანი პროგრესით, მსოფლიოში პირველ ადგილზეა და ახალ ისტორიულ მაქსიმუმს აფიქსირებს

28

„ატლანტიკურმა საბჭომ“ თავისუფლებისა და კეთილდღეობის 2026 წლის ინდექსები გამოაქვეყნა.

თავისუფლების ინდექსით, საქართველოს ზომიერი თავისუფლების, ხოლო კეთილდღეობის ინდექსით – ზომიერი კეთილდღეობის მქონე ქვეყნის სტატუსი აქვს.

საქართველო მსოფლიოს ხანგრძლივი პროგრესის მქონე ქვეყნებს შორისაა.

კეთილდღეობის ინდექსის 13-წლიანი გაუმჯობესებით (2013-2025) საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ამასთან, საქართველომ კეთილდღეობის ინდექსში ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა – შეფასების 100%-იანი სისტემით, 78,2%.

2012 წლის შემდეგ, საქართველომ კეთილდღეობის რეიტინგში პოზიცია 21 ადგილით გაიუმჯობესა, კეთილდღეობის შეფასების დონე კი 8.6 პუნქტით – ყველაზე მკვეთრად მსოფლიოში.

კეთილდღეობის შეფასება ეფუძნება 6 საყრდენს: 1. შემოსავლების დონე 2. გარემოს დაცვა. 3. უმცირესობების ინტერესების დაცულობა; 4. საზოგადოებრივი ჯანმრთელობა; 5. განათლება; 6. თანასწორობა.

კეთილდღეობის ინდექსის რეიტინგი მსოფლიოს 171 ქვეყანასა და ტერიტორიას ყოფს 4 კატეგორიად: მაღალი კეთილდღეობა; ზომიერი კეთილდღეობა; კეთილდღეობის დაბალი დონე და კეთილდღეობის უდაბლესი დონე.

საქართველომ, ინდექსის მიხედვით, „ზომიერი კეთილდღეობის“ სტატუსი მიიღო და მსოფლიოში 43-ე ადგილზე დაწინაურდა.

ამასთან, საქართველოს ახლა უკვე მხოლოდ 1 ადგილით დაწინაურება ჭირდება „მაღალი კეთილდღეობის“ სტატუსის მოსაპოვებლად.

კეთილდღეობის მსოფლიო რეიტინგში საქართველო უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას, ევროკავშირისა და ნატო-ს წევრ 5 სახელმწიფოს: ბულგარეთს, თურქეთს, ალბანეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, მონტენეგროს.

პოლიტიკური თავისუფლების კატეგორიაში საქართველომ ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო ისეთ წამყვან კრიტერიუმში, როგორიცაა არჩევნები, სადაც შეფასების 100%-იანი სისტემით საქართველომ 77.3% დააფიქსირა; შემდეგ მოდის სამოქალაქო თავისუფლებები – 75.2%.

გარდა ამისა, საქართველო უმცირესობათა ინტერესების დაცვის რეიტინგში მსოფლიოს 40 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა და 39-ე ადგილზეა.

თავისუფლებისა და კეთილდღეობის ინდექსებს „ატლანტიკური საბჭოს“ თავისუფლებისა და კეთილდღეობის ცენტრი აწარმოებს და, ძირითადად, ეფუძნება მსოფლიო ბანკის გლობალური მმართველობის ინდიკატორების, გაერო-ს, ფაიზერის ინსტიტუტის, ამერიკული ორგანიზაცია “ჰერითიჯ ფაუნდეიშენისა” და სხვადასხვა საერთაშორისო შემფასებელი ცენტრისა და პროექტის თემატურ კვლევებს, მეცნიერულ ექსპერტიზასა და აგრეგირებულ ინდექსებს.