საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, უკანონო შემოსავლის მიღების მიზნით, „Jack Daniel’s-ის” სასაქონლო ნიშნით განსაკუთრებით დიდი ოდენობით ყალბ ალკოჰოლურ სასმელს ამზადებდნენ და ერთ-ერთი დაკავებულის საწყობში ინახავდნენ.
ჩატარებული ჩხრეკისას სამართალდამცველებმა 22 400 ლარის ღირებულების 300 ბოთლი ფალსიფიცირებული სასმელი ამოიღეს.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


