28 ივლისი ჰეპატიტების მსოფლიო დღეა, რომელიც ვირუსული ჰეპატიტების, ჰეპატიტებით გამოწვეული დაავადებებისა და მათი პრევენციული ღონისძიებების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.
“საქართველოში C და B ჰეპატიტების დიაგნოსტიკა და მკურნალობა სახელმწიფოს მიერ ფინანსდება.
C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამაში, ამოქმედებიდან დღემდე, 94 000-ზე მეტი მოქალაქე ჩაერთო; განკურნების მაჩვენებლი 99%-მდეა.
2024 წლიდან ქვეყანაში მოქმედებს B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამაც. მიმდინარე მონაცემებით, პროგრამაში ჩართულია 1 700-ზე მეტი პაციენტი.
საქართველო მიმდინარე წელს გეგმავს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისგან საერთაშორისო ვალიდაციის მიღებას ორი მიმართულებით. ესენია: C ჰეპატიტის ელიმინაციის გზაზე მიღწეული პროგრესის და B ჰეპატიტის დედიდან შვილზე გადაცემის ელიმინაციის ვალიდაცია. განაცხადი ორივე მიმართულებით მომზადებულია ვალიდაციის ოქროს, უმაღლესი დონის მისაღებად. ქვეყნის საბოლოო მიზანი კი 2030 წლისთვის ჰეპატიტის ელიმინაციაა, რაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გლობალური სტრატეგიით განსაზღვრულ ვადებს შეესაბამება”, – ნათქვამია დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


