კახა კალაძე ნაურუს გადაწყვეტილების შესახებ: „ეს სწორი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელიც განპირობებულია საგარეო საქმეთა სამინისტროს აქტიური მუშაობით“

12

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ნაურუს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმების შესახებ სწორი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

„ეს არის განპირობებული იმით, რომ ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს აბსოლუტურად ყველა მიმართულებით. ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის შიგნით, ეს ყველამ ძალიან კარგად იცის და, რა თქმა უნდა, ქვეყნის გარეთ აუცილებელია გაგრძელდეს აღნიშნული მიმართულებით მუშაობა.

სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს ის, რომ ტერიტორიების გარკვეული ნაწილი ჯერ კიდევ ოკუპირებულია და ეს ჯერ კიდევ სერიოზული გამოწვევაა. ჩვენი მთავარი, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი გახლავთ ის, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა დავიბრუნოთ ტერიტორიები და მოვახერხოთ აფხაზებთან და ოსებთან თანაცხოვრება. საქართველოს მთავრობა ამისთვის ყველაფერს აკეთებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.