“ეს არის საკუთარი სახის ჩვენება, თუ რამდენად შეიძლება არ გიხაროდეს საკუთარი ქვეყნის წარმატება. რამდენად შეიძლება იმუშაო და იყო განწყობილი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯიც სხვაგვარად შეაფასო და ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯიც არ აღიარო, რომ შენი ქვეყნის ხელისუფლების ძალისხმევით არის მიღწეული”, – განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ნაურუს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ოპონენტების სპეკულაციებზე.
მისი თქმით, ნაურუს გადაწყვეტილება არის ქართველი დიპლომატების ძალიან დიდი დამსახურება.
„ჩვენ ვმუშაობთ პარტნიორებთანაც, ვმუშაობთ ყველასთან, ვისთანაც შესაძლებლობა გვაქვს, რომ ჩვენს მიზანს მივაღწიოთ, რაც შეეხება ჩვენი ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკას. მე ვიცი რა გააკეთეს ქართულმა დიპლომატიურმა სამსახურებმა და ნამდვილად შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ ეს არის დიდი დამსახურება ქართველი დიპლომატების ყოველდღიური მუშაობის, მათ შორის პარტნიორებთანაც და ამ შემთხვევაში კონკრეტულ მხარეებთანაც, ვისი მეშვეობითაც მოხერხდა ამ გადაწყვეტილების მიღება ნაურუს სახელმწიფოს მიერ“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ნაურუმ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების გადაწყვეტილება ოფიციალურად გააუქმა. შესაბამისად, მათ დაუყოვნებლივ შეწყვიტეს დიპლომატიური ურთიერთობები ოკუპირებულ ცხინვალსა და აფხაზეთთან.


