საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალა” თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი “ნაციონალურ მოძრაობაში” არსებულ კრიზისს ეხმაურება და აცხადებს, რომ საზოგადოება კარგად ხედავს, თუ როგორ ებრძვიან ერთმანეთს პარტიის წევრები და საკუთარი დასკვნები გამოაქვს.
“საკუთარი ამომრჩევლებიც კი დასცინიან უკვე. ხომ ხედავთ ერთმანეთს ებრძვიან არამხოლოდ ფილიალებში, ვთქვათ, ახლები ძველებს, ან გამოყოფილები დარჩენილებს, არამედ “დედა “ნაცმოძრაობაში” ვინც არიან დარჩენილები, ისინიც ერთმანეთს ებრძვიან. არის “პოლიტიკური აჯაფსანდალი.”
ამ რეალობაში უნდათ რომ ქვეყანა აცხოვრონ. ახლა ხომ დაინახა ქართულმა საზოგადოებამ, საკუთარ პარტიას როგორ “მართავენ” და შემდეგ, აქედან გამომდინარე, როგორ მართავდნენ ქვეყანას,” – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
პოლიტიკური განხეთქილების ახალი ფაზა “ნაციონალურ მოძრაობაში” – უმძიმეს კრიზისში მყოფი პარტიის თავმჯდომარემ პოლიტსაბჭოს სხდომა, არალეგიტიმურად გამოაცხადა.
გამიჯნული თინა ბოკუჩავა სააკაშვილის გუნდს, პარტიის განადგურების მცდელობაში ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ პეტრე ცისკარიშვილმა, მსჯავრდებულის ბრძანებით, პოლიტსაბჭოს წევრთა ხელმოწერები გააყალბა.
მოქმედი თავმჯდომარე ირწმუნება, რომ სწორედ სააკაშვილის დავალებით ჩატარდა გადამწყვეტი სხდომაც ფორსირებულ რეჟიმში, რომლის ოქმსაც გენერალური მდივანი ამ დრომდე მალავს.
ბოკუჩავა ამბობს, რომ დახურულ პოლიტსაბჭოს, 130-ის ნაცვლად, მხოლოდ 40-მდე ადამიანი ესწრებოდა, რაც მიღებული გადაწყვეტილებების ლეგიტიმაციას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, ისევე როგორც ყრილობას, რომელიც 5 აგვისტოსაა ჩანიშნული. მძიმე ბრალდებების მთავარმა ადრესატმა, მოქმედი თავმჯდომარე ცოტა ხნის წინ ტყუილში დაადანაშაულა. პეტრე ცისკარიშვილი ირწმუნება, რომ ბოკუჩავა პარტიული თანამდებობისთვის არასწორი მეთოდებით იბრძვის.
სახელისუფლებო გუნდში კი ამბობენ, რომ ეს “ნაციონალური მოძრაობის” ბოლო ჟამია.


