თორნიკე ფაღავა: “ოპოზიციისთვის ამოსავალი წერტილია გარე პატრონების ინტერესები”

12

“პრემიერმა ძალიან საინტერესო და ვრცელი წერილი გამოაქვეყნა და ყველაზე მნიშვნელოვანი ამ წერილში იყო აქცენტი, რომელიც დაისვა დასასრულს – რატომ მოქმედებდა მაშინდელი ხელისუფლება და ახლანდელი ოპოზიცია 2008 წლის ომის შემდეგ იმდაგვარად, როგორც მოქმედებდა; რატომ იყო ღია ქართული ეკონომიკა რუსული ინვესტიციებისთვის; რატომ მიჰყიდა იმდროინდელმა ხელისუფლებამ სტრატეგიული ობიექტები რუსულ მთავრობას ფა რატომ არ ჰქონდა მაშინ რუსულ ფულს სუნი”, – განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თორნიკე ფაღავამ.

“რატომ მოხდა ისე, რომ როდესაც უკრაინას დაესხნენ თავს, მთელი ყოფილი ხელისუფლება გადაიქცა ანტირუსულ პოლიტიკურ ძალად – მაშინ, როდესაც მათ პატრონებს სჭირდებოდათ რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკა, მაშინ, როდესაც მათ პატრონებს სჭირდებოდათ რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობები, იმდროინდელმა ხელისუფლებამ უგულებელყო ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესები და მათი პატრონების ინტერესებს დაუჭირეს მხარი.

მაშინ, როდესაც (ანუ დღეს) მათ პატრონებს სჭირდებათ რუსეთთან კონფრონტაცია; მაშინ, როდესაც მათ პატრონებს სჭირდებათ რუსეთთან სამხედრო ესკალაცია, ისინი ამჯერადაც უარს ამბობენ საკუთარი სამშობლოს, ფორმალურად საკუთარი სამშობლოს – თორემ, ისინი უსამშობლოები არიან – სახელმწიფო ინტერესებზე, არაფრად თვლიან ჩვენი ქვეყნის ეგზისტენციალურ ინტერესებს და დღეს ისინი უჭერენ მხარს რუსეთთან ესკალაციას და სამხედრო დაპირისპირებას.

ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ მათთვის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს სახელმწიფო ინტერესები არაფერს ნიშნავს და მათთვის მთავარი და ამოსავალი წერტილი არის მათი გარე პატრონების ინტერესები”, – განაცხადა თორნიკე ფაღავამ.