აკაკი ალადაშვილი ოპოზიციის შესახებ: “მათ აკრძალული აქვთ, საკუთარი ინიციატივით გადადგან რაიმე პოლიტიკური ნაბიჯი. უნდა შეასრულონ მხოლოდ ის, რა დავალებასაც მიიღებენ გარედან. როდესაც ასეთი დავალება აქვთ, მაშინ არც ფულს უდის სუნი; რუსული ბიზნესიც და რუსი ტურისტიც მისაღებია”

10

“2008 წლის ომის შემდეგ, როდესაც რუსეთის მხრიდან აგრესია და ოკუპაცია ეხებოდა საქართველოს, არ გვახსოვს დღევანდელი ყალბი ანტირუსების რიტორიკა – ის, რაც მათ დღეს ახასიათებთ. 2022 წლის შემდეგ ისინი გახდნენ მკვეთრად ანტირუსები, რუსოფობები და აქვთ აგრესიული რიტორიკა რუსეთის მიმართ, ხოლო, 2008 წლის შემდეგ, როდესაც რუსეთმა აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, პირიქით, მათი ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი, გვახსოვს, ლარსზე, საზღვარზე ხვდებოდა რუს ტურისტებს და ეპატიჟებოდა მათ საქართველოში ჩამოსვლისთვის და ბიზნესის გახსნისთვის”, – განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა აკაკი ალადაშვილმა ოპოზიციის შეცვლილ რიტორიკასთან დაკავშირებით საუბრისას.

„ეს მეტყველებს მხოლოდ ერთ რამეზე: მათ აკრძალული აქვთ, საკუთარი ინიციატივით გადადგან რაიმე პოლიტიკური ნაბიჯი. მათ უნდა შეასრულონ მხოლოდ ის, რა დავალებასაც მიიღებენ გარედან.

2008 წელს არ ჰქონდათ ასეთი დავალება, რომ ანტირუსული რიტორიკა ეწარმოებინათ, როდესაც მართლაც ჰქონდათ ომის შემდეგ ასეთი საფუძველი და 2022 წლის მერე, როდესაც სხვის სამშობლოში – უკრაინაში დაიწყო სისხლისმღვრელი ომი, მიიღეს დავალება, რომ ეწარმოებინათ ანტირუსული რიტორიკა და აწარმოებენ, რასაც საზოგადოება კარგად ხედავს. პრემიერ-მინისტრის წერილშიც ძალიან კარგად, ქრონოლოგიურად იყო ეს ამბავი გადმოცემული. საზოგადოებაც მარტივად გამოიტანს დასკვნას.

ჰაერიდან არ გვაქვს მოტანილი, როდესაც მათ ვეძახით უსამშობლოებს – მათ არ გააჩნიათ სამშობლო, მათი ერთადერთი „სამშობლოა“ ის, რა დავალებასაც მიიღებენ გარედან. მხოლოდ ეს არის ერთადერთი ახსნა მათი მაშინდელი და დღევანდელი რიტორიკის. მათ არ უყვართ საქართველო, არ აინტერესებთ, რა ბედი ეწევა საქართველოს და ამის ნათელი მაგალითია 2008 წლის ომი – როდესაც ამდენი ტერიტორია დავკარგეთ, ამდენი ჯარისკაცი დაგვეღუპა, ამდენი სოფელი დავკარგეთ, ამდენი იძულებით გადაადგილებული მივიღეთ.

ისინი არიან როგორც ჯარში ჯარისკაცი – მხოლოდ უსიტყვოდ უნდა შეასრულონ გარედან მიღებული დავალება. როდესაც ასეთი დავალება აქვთ, მაშინ არც ფულს უდის სუნი, რუსული ბიზნესიც მისაღებია და რუსი ტურისტიც მისაღებია. მიიღეს თუ არა განსხვავებული დავალება, შეცვალეს რიტორიკა და გადავიდნენ სხვა რელსებზე, ანუ, ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ ღირსება, არ აქვთ სამშობლო და პრინციპები. რასაც ეტყვიან, იმას გააკეთებენ“, – განაცხადა ალადაშვილმა.