“ეს აგენტების ხვედრია. მათ უფლება არ ჰქონდათ, რომ სხვანაირად ელაპარაკათ, ემოქმედათ, ვინაიდან ასეთი დავალება ჰქონდათ მიღებული და იმ დროს არ იდგა დღის წესრიგში რუსეთის გაშავების კამპანია”, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც ის ოპოზიციის შეცვლილ რიტორიკაზე საუბრობს.
„კარგად გახსოვთ, სააკაშვილი, ხოშტარია, ჯაფარიძე რას ამბობდნენ; უვიზო მიმოსვლა გაუხსნეს ცალმხრივად რუსეთს; ჩვენი სტრატეგიული ობიექტები გადაუფორმეს რუსეთის სახელმწიფო მფლობელობაში არსებულ კომპანიებს; გადამწყვეტი ხმა მისცეს რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად; ხვდებოდნენ რუს ტურისტებს საზღვარზე, ვინაიდან ასეთი ტიპის დავალება ჰქონდათ და რუსოფობები გახდნენ მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და, თურმე, რუსეთი ოკუპანტი მხოლოდ მას შემდეგ გახდა, რაც უკრაინაში შეიჭრა.
ჩვენთვის რუსეთი ოკუპანტი იყო 2008 წლის აგვისტოდან მოყოლებული და მნიშვნელობა არ აქვს, დამატებით რა გააკეთა სხვა ქვეყანაში რუსეთმა.
დღემდე რუსეთი არის ოკუპანტი, ეს მოცემულობა და ეს მემკვიდრეობა, სამწუხაროდ, ჩვენ მივიღეთ და იმასაც შევახსენებ ყველას, მოღალატეობრივ რეზოლუციაზე როგორ მოუწერეს “ნაცებმა” ხელი, სადაც ჩვენს სამხედროებს დააბრალეს ომის დაწყება, ხოლო “ქართულმა ოცნებამ” მოვიგეთ ყველა სასამართლო პროცესი სტრასბურგშიც და ჰააგაშიც, მოვხსენით ეს რისკები, რაც ჩვენი გმირი სამხედროების წინაშე იდგა, და რუსეთი გამოცხადდა ოკუპანტად.
მდიდარი “ენჯეოები”, კოლექტიური ლომჯარია-გიგაური, ვისაც ვეძახით, ჩვეულებრივად, განუყოფელი ნაწილია ამ აგენტურული ოპოზიციის. სინქრონში მოქმედებენ, დავალებებს ერთი და იგივე ძალებისგან იღებენ და, შესაბამისად, რა რიტორიკაც და რა ნარატივიც აწყობს აგენტურულ ოპოზიციას, ზუსტად იგივე რიტორიკას და ნარატივს ატარებს ეს მდიდარი “ენჯეოების” კლანიც. როდესაც შეცვალეს მიდგომები (აგენტებზე მაქვს საუბარი), ისე შეცვალა აგენტურულმა “ენჯეო” სექტორმაც. შესაბამისად, ისინი მოქმედებენ სინქრონში. მათ დამოუკიდებლად არანაირი აზრის გამოთქმის საშუალება და უფლება არ აქვთ, და ეს არის ის ხვედრი, რა ხვედრიც აქვს აგენტს: რასაც დაავალებენ, ის უნდა გააკეთონ. მოსწონთ თუ არ მოსწონთ, ეთანხმებიან თუ არ ეთანხმებიან, მათ აზროვნების უნარი აქვთ აკრძალული და, შესაბამისად, ისინი ვალდებულები არიან, რომ მოქმედებდნენ მხოლოდ დავალებების და ინსტრუქციების შესაბამისად.
ჩვენ გვახსოვს, რომ აგვისტოს ომის შემდეგ, სამწუხაროდ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა გადატვირთეს ურთიერთობა. ჩვენ ისიც გვახსოვს, რომ ომის შემდეგ, სულ რამდენიმე თვეში, სამხედრო აღლუმს ევროპის ძალიან ბევრი წამყვანი ქვეყნის შემადგენლობა დაესწრო, შეგნებულად არ ჩამოვთვლი, ვინაიდან მაშინ დღის წესრიგში რუსეთის გაშავება არ იდგა და აგენტურასაც უფლება არ ჰქონდა, რომ ხმა ამოეღო. დავამატებ „გირჩი“ ჯაფარიძის თავხედურ განცხადებას, რომ თურმე რა პრობლემაა იმაში, რომ ჩვენი სტრატეგიული ობიექტების მფლობელები გახდნენ რუსეთის სახელმწიფო მფლობელობაში არსებული კომპანიები! ასეთ სითავხედეებსაც კადრულობდნენ ისინი. შესაბამისად, შეიცვალა დღის წესრიგი, გადაწყდა რუსეთის გაშავების კამპანია უკრაინაში შეჭრის მერე და მხოლოდ მას შემდეგ გახდა რუსეთი ოკუპანტი მათთვის.
ჩვენთვის რუსეთი ოკუპანტი იყო აგვისტოს ომის შემდგომაც და ოკუპანტი არის დღესაც. კიდევ ერთხელ, ყველას შევახსენებ, რომ ჩვენ რუსეთს სტრასბურგსა და ჰააგაში მოვუგეთ ის პროცესები, სადაც უკვე ოფიციალურად, ყველა დოკუმენტში რუსეთს დაერქვა ოკუპანტი“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.


